„ნატოს სამიტის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მხრიდან ნატოსთან თავსებადობის კუთხით ყველაფერი გაკეთებულია,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ნატოს სამიტზე მიწვეული იყო, როგორც წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომლის მიმართაც პრეტენზიები არ ჰქონდათ.
„საქართველო ნატოს სამიტზე მიწვეული იყო, როგორც წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და იქ პრეტენზია საქართველოსთან მიმართებით, ნატოსთან თავსებადობის კუთხით არავის გააჩნდა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ყველაფერს აკეთებდნენ და აკეთებენ იმისთვის, რომ ნატოსთან საქართველოს თავდაცვისუნარიანობა თავსებადი იყოს.
ქართველმა ჯარისკაცებმა ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში უმაღლესი კლასი აჩვენეს. სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს ამ სამშვიდობო მისიებს. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ნატოს მხრიდან ისმის გაუგებარი და ბუნდოვანი გადაწყვეტილებები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ჩნდება ნიჰილიზმი. 2016 წელს, როდესაც გახლდით ნატოს შტაბ-ბინაში დაისვა კითხვა, თუ რატომ არის ქართველ ხალხში ნიჰილისტური დამოკიდებულება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ავხსენით, რატომაც იყო ასეთი დამოკიდებულება. როდესაც გვეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ნატოსთან თავსებადი, მაგრამ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანაა და გაწევრიანება არ ხერხდება თავისთავად ჩნდება ნიჰილიზმი. მეტიც, 2008 წლის ომის შემდგომ, იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა კინდოლიზა რაისმა, პირდაპირ თქვა, რომ საქართველო არის რთულ მდგომარეობაში, მაგრამ ამერიკა რუსეთთან საქართველოს გულისთვის ომს ვერ დაიწყებდა. ამაზე მეტი რაღა უნდა გითხრას? ჩვენ რუსეთისგან ვართ ოკუპირებული და ეს პრობლემა გვიდგას.
ნატოს სამიტის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მხრიდან ნატოსთან თავსებადობის კუთხით ყველაფერი არის გაკეთებული. ჩვენ ვართ ასპირანტი ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებზე პროცენტულად მეტად მონაწილეობდა საერთაშორისო მისიებში. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა მეოთხე ადგილზე იყო კონტინგენტის რაოდენობით ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მისიებში. როგორ შეიძლება ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზე მყოფ ასპირანტ ქვეყანას უთხრა, რომ შენი ბრალია, რომ დღეს ნატოს წევრი ქვეყანა არ ხარ. ეს ხომ ცალსახად მათი გადაწყვეტილებაა. აგერ ჩვენს მოძმე სახელმწიფოს - უკრაინას უკვე ოფიციალურად უთხრეს პრინციპში უარი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ისინი ვერ შევლენ კონფლიქტში რუსეთთან და ეს გასაგებიც არის ჩვენთვის.
ჩვენთვის მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რასაც 12 წელია ვახერხებთ და ასეც გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა და პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს აუცილებლად იქნება გამოყენებული საჩვენოდ. პრაგმატული პოლიტიკაა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი საქართველოს ხელში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.