ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი "ნახევარი გულით" გამოეხმაურა პუტინის ქმედებას, როდესაც 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა.
"არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. პუტინს სურს, რომ რუსეთი კვლავ დომინირებდეს მის სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, ეს არის პრობლემა. რუსეთი კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია – იქნება ეს მეფის იმპერია თუ საბჭოთა იმპერია. ბოლოს და ბოლოს, 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა, ჩვენ გამოვფხიზლდით ამ უბედურ რეალობაში და ცუდად მომზადებული აღმოვჩნდით. გავიღვიძეთ და შემდეგ მივხვდით, რომ არ ვიყავით მზად ამ გამოწვევისთვის. 75 წლის წინ საბჭოთა კავშირი გაჩნდა, როგორც საფრთხე ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ ერთიანობითა და ძალით. დღეს კი ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იგივე გზის მიყოლა", – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.