საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე უმძიმესი დღეა - ნატო-სთან 22-წლიანი ღია კარის პოლიტიკა “ქართულმა ოცნებამ“ დახურა! ნატო-ს სამიტის შედეგები საქართველოსთვის სრული კატასტროფაა! რატომ არის კანონი რუსული? - აი ამიტომ! - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
როგორც აქუბარდიამ ამ კონტექსტში აღნიშნა, ნატო-ს დეკლარაციაში პირველად, საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა მოხსენიებული არ არის, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით არ არის ჩანაწერი არც დემოკრატიული პროცესის და არც თავდაცვისუნარიანობის კუთხით.
აქუბარდიას თქმით, 2002 წლის პრაღის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს წინსვლისა და საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის აღიარების თაობაზე, ნატო-ს სამიტის დეკლარაციებში ყოველთვის ეწერა.
“ვხედავთ, რომ საქართველოს ნატო-ში წინსვლა შეჩერებულია. ეს ყველაფერი “რუსული კანონის“ მიღებიდან გამომდინარეობს, რაზეც ნატო-ს გენერალური მდივან “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არაერთგზის აფრთხილებდა.
ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველო პრემიერ მინისტრის დონეზე მიწვეული არ იყო, იმის მიუხედავად, რომ ნატოს სამიტს ახალი ზელანდია, იაპონია და აზიის ქვეყნები ესწრებოდნენ. პირველად, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ არ წერია.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყნის ნატო-ში წინსვლა შეუძლებელია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ამ საიტს პატივს ვცემ, მაგრამ მაქვს ერთი შენიშვნა: არ შეიძლება, კომენტარის მთელი ტექსტი გაშვებამდე იკითხებოდეს, როგორც ეს სხვაგანაა?