ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება - გაჩერებულია პროგრამები და გადაიხედება სტრატეგიული შეთანხმებები, ეს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური გადაწყვეტილებების შედეგია, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, პასუხისმგებლობა ცალსახად მმართველ პარტიას ეკისრება.
“პასუხისმგებლობა ცალსახად მმართველ პარტიაზეა. ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება - გაჩერებულია პროგრამები, გადაიხედება სტრატეგიული შეთანხმებები, ეს “ქართული ოცნების” ანტიდასავლური გადაწყვეტილებების შედეგია. რაც შეეხება საბოლოოდ გაჩერდება თუ არა ეს პროცესი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს ქართველი ხალხი შემოდგომაზე. თუ ხალხს ჩრდილოეთისკენ წასვლა უნდა, მაშინ არანაირი საქმე არ გვაქვს ნატოში. შესაბამისად, მგონი, ეს ხალხიც ძალიან რაციონალურად უყურებს ამ ამბავს. თან გვეუბნებიან, რომ ჩამოყალიბდით, რა გინდათ. თუ ჩვენ დასავლური ინტერესების გაგრძელება და გაღრმავება გვენდომება, ამის შესახებ გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს და ამ რამდენიმე თვიანი გაუგებრობისთვის ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ”, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებს, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში, წლების განმავლობაში პირველად, აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.