გრიგოლ გეგელია: რუსეთის მსახური ხელისუფლების გამო, საქართველოს ევროკავშირის გარდა, ნატო-ს კარიც დაეხურა - ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პირველად, ნატო-ს სამიტის დეკლარაცია აღარ ახსენებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

გრიგოლ გეგელია: რუსეთის მსახური ხელისუფლების გამო, საქართველოს ევროკავშირის გარდა, ნატო-ს კარიც დაეხურა - ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პირველად, ნატო-ს სამიტის დეკლარაცია აღარ ახსენებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს უკვე დააკარგვინა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, „ღირსეული პარტნიორის” მრავალეროვნული საწვრთნელი პროგრამა, ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსება და NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება შეუთავსებელია მშვიდობის და განვითარების პოლიტიკასთან საქართველოში.

„რუსეთის მსახური ხელისუფლების გამო, საქართველოს ევროკავშირის გარდა, NATO-ს კარიც დაეხურა.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ისტორიაში პირველად, NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია აღარ ახსენებს, რომ საქართველო მიიღებს MAP-ს და გახდება სამხედრო ალიანსის წევრი.

საქართველო ერთხელაა ნახსენები მე-17 აბზაცში, რომელიც დეოკუპაციას ეხება, მაგრამ არ არის ნახსენები არც 28-ე და არც 31-ე აბზაცებში, რომლებიც თანამშრომლობას და შავი ზღვის აუზს ეხება. ნახსენებია მოლდოვა, რომელსაც ტრადიციულად ნეიტრალიტეტი აქვს განცხადებული, მაგრამ ნახსენები არ არის საქართველო, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკური პრიორიტეტი.

ეს არის რუსეთის მსახური ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. კობახიძის მთავრობის სანუკვარი ოცნებაა მტრის პირისპირ მარტოდ დარჩენილი საქართველო, რომელიც სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული და რომელსაც აღარ ჰყავს არცერთი პარტნიორი. ამ მთავრობამ საქართველოს უკვე დააკარგვინა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, „ღირსეული პარტნიორის” მრავალეროვნული საწვრთნელი პროგრამა, ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსება, NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა.

შესაბამისად, ეს მთავრობა შეუთავსებელია მშვიდობის და განვითარების პოლიტიკასთან საქართველოში, რადგან მშვიდობას ჭირდება ძლიერი ჯარი, მყარი პარტნიორები, დასავლური კაპიტალი და რეფორმები. რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ საქართველოს ეს ყველაფერი დააკარგვინა. შესაბამისად, თითოეულმა ქართველმა ვისაც მშვიდობა და განვითარება სურს, 26 ოქტომბერს მხარი უნდა დაუჭიროს ცვლილებას“, - განაცხადა გეგელიამ.