ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მისი გამარჯვების შემთხვევაში, ის უკრაინას აუკრძალავს რუსეთის ტერიტორიაზე ფრანგული წარმოების შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენებას.
პოლიტიკოსი აზუსტებს, რომ თუ მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მისი ძალის წარმომადგენელი იქნება.
„თუ ემანუელ მაკრონს უკრაინაში ჯარების გაგზავნა სურს, და პრემიერ-მინისტრი ამის წინააღმდეგია, ჯარები უკრაინაში არ გაიგზავნება. საბოლოო სიტყვა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის“, - თქვა ლე პენმა.
ლე პენის განცხადებით, მისთვის არსებობს „წითელი ხაზები“, რომელიც შეეხება იმას, რომ საფრანგეთი უკრაინის კონფლიქტის თანამონაწილე არ უნდა გახდეს.
საფრანგეთში 30 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. პირველი ადგილი ხმათა 33,15% ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ დაიკავა. მეორე ადგილზე მემარცხენე ალიანსი „ახალი სახალხო ფრონტი“ გავიდა, რომელმაც ხმათა 27,99% მიიღო. პრეზიდენტ მაკრონის კოალიცია „ერთად რესპუბლიკისთვის“ კი მხოლოდ ხმათა 20,04% დასჯერდა. მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.
საფრანგეთში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაკრონმა 9 ივნისს მისი მომხრეების ევროპარლამენტის არჩევნებში წარუმატებლობის ფონზე საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა.