„თუ შეგიძლია თავად გააკეთე, თუ არ შეგიძლია მაშინ სხვას დაუფასე ის, რაც კარგი საქმისთვის გაკეთდა სიკეთე“,-ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ფეხბურთელების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეროვნული ნაკრებისთვის გამოყოფილი ჯილდო არის სიკეთე და მასში ნეგატიური ელემენტების დანახვა ოპოზიციის ხასიათში ჯდება.
„ეს არის ოპოზიციის და მათი დანაყოფების ხასიათი. მათ შეუძლიათ, რომ უწოდონ ადამიანს მოღალატე და შემდეგ ლიდერად აქციონ. ასეთი გვახსოვს ჩვენ პრეზიდენტი, როდესაც ყველა ლანძღავდა უშვერი სიტყვებით და მოღალატედ შერაცხეს. და შემდეგ უკვე ლიდერად აქციეს. ამ შემთხვევაში გვაქვს იგივე, როცა მათ შეუძლიათ გმირები, რომლებმაც საკუთარი ენერგია და მონდომება აქციეს სახალხო ზეიმად და ამ გმირობის შემდეგ მოღალატედ შერაცხეს, იმის გამო, რომ ეს შრომა იყო დაფასებული. თუ შეგიძლია თავად გააკეთე, თუ არ შეგიძლია მაშინ სხვას დაუფასე ის, რაც კარგი საქმისთვის გაკეთდა სიკეთე“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.