გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაგმო თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც გატანილი გოლი ულტრანაციონალისტური ჟესტით აღნიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ევროპის ჩემპიონატზე თურქეთსა და ავსტრიას შორის მატჩის დროს თურქეთის ნაკრების მცველმა, მერიჰ დემირალმა გატანილი გოლი აღნიშნა ულტრანაციონალისტური ორგანიზაცია „რუხი მგლების“ ჟესტით.
აღსანიშნავია, რომ უეფამ გამოძიება დაიწყო თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველის საქციელთან დაკავშირებით.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ „თურქი მემარჯვენე ექსტრემისტების სიმბოლოებს ადგილი არ აქვს ჩვენს სტადიონებზე“.
„ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის რასიზმის პლატფორმად გამოყენება სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა მან და მოუწოდა უეფას, „გამოიძიოს საქმე და განიხილოს სანქციები“.
ბერლინის კრიტიკას ანკარის მხრიდან მწვავე პასუხი მოჰყვა. მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა ბერლინის რეაქციასა და უეფას გამოძიებას მიუღებელი უწოდა.
„ისინი, ვინც ეძებენ რასიზმსა და ფაშიზმს, კარგი იქნება, თუ ყურადღებას გაამახვილებენ ბოლო არჩევნების შედეგებზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა მან.
დემირალმა განაცხადა, რომ მისალმება მისი „თურქული იდენტობის“ გამოხატულება იყო და არ შეიცავდა ფარულ გზავნილს.