30 წელზე მეტია თითოეული ჩვენგანი ამ ბედნიერ დღეებს ელოდებოდა და საბოლოო ჯამში, მოვედით ამ წარმატებამდე, რაც, ასევე უნდა ვთქვათ, რომ ადვილი არ იყო, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ურთულესი გზა გამოვიარეთ, თუმცა ყოველთვის გვჯეროდა, რომ აქამდე მოვიდოდით.
„ამ ყველაფერს რასაც ვისმენთ, უშუალოდ რაც ვნახეთ ჩვენი თვალით და მოვისმინეთ იქ ადგილზე, გერმანიაში, ჩვენი მეგობრების თუ უცხო ადამიანებისგან, როგორც გერმანელის, ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეფასებები, უბრალოდ, სიამაყის გრძნობაა და ბედნიერებაა.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არა მარტო ის, რომ ჩვენ კარგი გუნდი ვართ და კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და ეს ვაჩვენეთ, არამედ, თუ როგორი ქომაგები ვართ, როგორ გვიყვარს, ზოგადად, ქვეყანაში ფეხბურთი და ამ ყველაფერს რამდენი ხანი ველოდებოდით.
ის, რომ 30 წელზე მეტია თითოეული ჩვენგანი ელოდებოდა ამ დღეს, ამ ბედნიერ დღეებს და საბოლოო ჯამში მოვედით ამ წარმატებამდე, რაც, ასევე უნდა ვთქვათ, რომ ადვილი არ იყო. ურთულესი გზა გამოვიარეთ, ძალიან რთული, თუმცა ყოველთვის გვჯეროდა, რომ აქამდე მოვიდოდით. ერთი ისიც არის, ყოველთვის რაღაცნაირად გვტკიოდა და გვაწუხებდა, რომ ბედნიერებას, მათ შორის, გუშინ რა კადრებიც ვნახეთ, ამდენი ბედნიერი ადამიანი როგორ დახვდა გუნდს, ამას ვხედავდით ხოლმე ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში. ეს გვტკიოდა, ეს გვაწუხებდა და ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ამ დღესაც მოვესწარით, როდესაც ეს ყველაფერი უკვე რეალობაში ვნახეთ ჩვენს ქვეყანაში და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ამ ადამიანს“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.