შეუძლებელია არ გიხაროდეს, რომ ქართველს ჰყავს კუმირი ქართველად და ის კუმირი ვინც ჰყავს, მართლა იმსახურებს ამ ბავშვის კუმირობას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა რეაქცია აქვს იმ ბავშვებზე, რომლებსაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მაისურები აცვიათ.
„შეუძლებელია არ გიხაროდეს, რომ ქართველს ჰყავს კუმირი ქართველად და ის კუმირი ვინც ჰყავს, მართლა იმსახურებს ამ ბავშვის კუმირობას, რადგან სამაგალითოა როგორც თავისი პროფესიონალიზმით, ასევე ნაჩვენები თამაშით და ქვეყნის სიყვარულით. ძალიან მიხარია, რომ ეს ტენდენციაა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს რამდნეიმე წელიწადში და ეს ბავშვები, რომლებიც ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ, ასევე ითამაშებენ ეროვნულ ნაკრებში და ბევრად წარმატებულები იქნებიან, ვიდრე ჩვენ“, - აღნიშნა კვეკვესკირმა.
ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატის განსაკუთრებულ მომენტებზეც ისაუბრა.
„განსაკუთრებული იყო ქართველი გულშემატკივარი იქ, გერმანიაში, როგორ ავაჟღერეთ ქართული ჰიმნი ევროპაში, როგორ გაიშალა ჩვენი დროშა პირველად. ყველა ეს დეტალი იყო ძალიან ემოციური. მგონია, რომ ცოტა გავლენაც კი იქონია თურქეთთან საწყის წუთებზე, რადგან მართლა ემოციების ზღვა იყო თითოეული ფეხბურთელის გულში. ყველაზე ემოციური მომენტი რაც შემიძლია გავიხსენო, ეს იყო ის ცერემონია, ხარ ფეხბურთელი, ბავშვობიდან ამაზე ოცნებობ და როდესაც შენი დროშა იშლება საფეხბურთო გიგანტების გვერდით და ჟღერდება ქართული ჰიმნი პირველად ევრო სარბიელზე. ამაზე დიდი ემოციურად ფეხბურთელისთვის ალბათ არაფერი შეიძლება იყოს. ძალიან მაგრად გვინდოდა, რომ ქართველი ხალხი გაგვეხარებინა და ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა და ეს შევძელით, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება ქომაგებთან ერთად აღნიშნა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა. ამავე ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.