„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ცალკეა მოხსენიებული, ხოლო რუსეთს არ აქვს ოკუპანტის წოდება.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთი ხელით რომ საქართველოს მიმართ მეგობრული ჟესტი კეთდება, ხოლო მეორე ხელით - ოკუპანტი რუსეთის სასარგებლო განცხადებები, ეს მიუღებელი და დაუშვებელია.
„ეუთოს ამგვარი რეზოლუცია ჩვენთვის შემაშფოთებელია. სწორედ ამიტომ, ქართულმა დელეგაციამ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
ის, რომ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკულმა მხარემ ასეთი ტიპის შესწორებები შეიტანოს რეზოლუციაში [რაც ზემოთ ჩამოვთვალე], რომელიც სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, საქართველომ კი ამას ხმისამოუღებლად დაუჭიროს მხარი. ეს ისეთი შესწორებებია, რომელსაც, წარმოიდგინეთ, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამაც კი არ დაუჭირა მხარი. ეს ხომ ყველაფერზე მეტყველებს?
ერთი ხელით რომ ჩვენს მიმართ მეგობრული ჟესტი კეთდება და მეორე ხელით - ოკუპანტი რუსეთის სასარგებლო განცხადებები, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი და დაუშვებელია. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენს ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში განხილვის თემა არ არის.“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.