„ოპოზიციის დიდი ნაწილი, თავისი აქტივისტებით, სახალხო ზეიმზეც კი შეეცადა ხელი დესტრუქციაზე წასცდენოდა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ სახალხო ზეიმზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას გარკვეული ჯგუფის მიერ დაწყებული ხმაური, ოპოზიციის მიერ წინასწარ დაგეგმილი ზუზუნი იყო.
მისივე თქმით, დესტრუქციულმა ჯგუფმა თავისი თავი მას შემდეგ გაშიფრა, რაც სალომე ზურაბიშვილი სცენაზე გავიდა და მას განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ.
„მსურს შევუერთდე იმ ემოციებს, რომელიც ჯერ კიდევ არ განელებულა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს მოჭარბებული, პოზიტიური და სრულიად დამსახურებული ემოცია, რომელიც ქვეყანას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თითოეულმა წევრმა და იმ ადამიანებმა მოგვანიჭეს, რომლებმაც ამ შედეგის მიღწევაში მიიღეს მონაწილეობა. მსურს მადლობა გადავუხადო მწვრთნელს, რომელსაც ქუჩიდან უკიჟინებდნენ და ასწავლიდნენ ვინ გაეყვანა მოედანზე. ვილი სანიოლი ფრანგი ვარსკვლავია, მან თქვა, უგუნურ შეძახილებს არ მოვისმენო. რასაკვირველია, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და გუნდიც გავიდა შედეგზე.
ასევე მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, ვისაც მეთორმეტე ფეხბურთელს უწოდებს საფეხბურთო სამყარო. 40 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ადგილზე გულშემატკივრობდა ნაკრებს. ასეთი რამ ჯერ არასდროს ყოფილა.
ოპოზიციის დიდი ნაწილი, თავისი აქტივისტებით, სახალხო ზეიმზეც კი შეეცადა ხელი დესტრუქციაზე წასცდენოდა. სამარცხვინოდ დაიწყეს ზუზუნი პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯგუფები ჰყავდათ ხალხში გადანაწილებული და ელოდნენ, არა ფეხბურთელების გამოსვლას და საზეიმო ემოციების გადმოცემას, არამედ ელოდნენ ხელისუფლების წარმომადგენელთა და უფრო მეტად კი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ზუზუნის ასატეხად. თავიანთი თავი მალევე გაშიფრეს. მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დიდი ოვაციებით შეხვდნენ. ამის შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ ეს ჯგუფი იყო დესტრუქციული და არა პოლიტიკის მიღმა მდგომი ადამიანები.
საქართველო, როგორც საფეხბურთო სამყაროში, ასევე სხვა მიმართულებებით გააგრძელებს გზას წარმატებებისკენ და ჩვენი მოქალაქეები ამ წარმატებების მომსწრეები ბევრი მიმართულებით გახდებიან.
ოპოზიცია კი ისევ დარჩება ბზუილის პოზირებით. 26 ოქტომბერსაც მოუწევთ ბზუილი - საბზუილო ძალიან ბევრი ექნებათ,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.