სტატუსის მქონე არცერთი პედაგოგი ქვეყანაში ხელფასის ნამატის გარეშე არ დარჩება,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისივე თქმით, უკვე 10 დღეში პედაგოგებს დაურიგდებათ ხელფასი, საშვებულებო პერიოდში კი ისინი წინასწარ 2 თვისას აიღებენ და ეს უკვე გაზრდილი ხელფასი იქნება.
„მინდა ჩვენს ღვაწლმოსილ და დამსახურებულ, ღირსეულ და გმირ პედაგოგობებს მივულოცო დღევანდელი დღე, ვინაიდან 1 ივლისი ეს არის დღე, როდესაც ყველა ნორმატიული აქტი შევიდა ძალაში და დღეიდან ჩაირთო ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით გულისხმობს, რომ სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს და ჩვენ დღეს საჯარო სკოლებში გვყავს 52 000 სტატუსიანი პედაგოგი, თითოეულ მათგანს, ყველას ეზრდება ხელფასი. ამ 52 000-დან აგერ უკვე 10 დღეში დარიგდება ხელფასი, საშვებულებო პერიოდში წინასწარ, 2 თვისას აიღებენ და ეს უკვე გაზრდილი ხელფასი იქნება“,- აღნიშნა ამილახვარმა.
მან ისაუბრა იმაზეც თუ პედაგოგების რა ნაწილს რამდენი ლარით ემატება ხელფასი.
„52 000 პედაგოგის 70%-ს ხელფასი ემატება მინიმუმ 500 ლარით. ზრდა ასევე არის 600-700 და 800 ლარიანიც კი. რაც შეეხება დარჩენილ 30%-ს, ამ 30%-დან დაახლოებით 20-დან 25 %-მდე პედაგოგების ხელფასის მატება შეადგენს 300-დან 400 ლარამდე. რჩება ძალიან ცოტა, დაახლოებით 5-7%, პედაგოგების, ეს არის ძირითადად ის პედაგოგები, რომლებსაც მცირე დატვირთვები და საათები აქვთ. ჩვენ მათ ინტერესზეც ვიზრუნეთ და მინიმუმ 200 ლარით ამ პედაგოგებსაც კი ნამატი ექნებათ. სტატუსის მქონე არცერთი პედაგოგი ქვეყანაში ხელფასის ნამატის გარეშე არ დარჩება“,- განაცხადა ამილახვარმა.