ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტები, სოციალური პაკეტი, ჩვენი უსაფრთხოების ინსტიტუტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შეფასებისას.
„ეს არ არის არც შალვა პაპუაშვილის, არც ჩემი და არც „ქართული ოცნების“ მოგონილი. ეს არის რეალობა და ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტები, სოციალური პაკეტი, გავაძლიეროთ უსაფრთხოების ინსტიტუტები. როდესაც ეს არ გიხარია, ცდილობ, რომ ეს თემა სხვა თემით გადაფარო, ან რაც ენაზე მოგადგება, ისაუბრო, თუ კი წინასწარ არ გაქვს ჩამოყალიბებული მავნებლური პიარ-გეგმა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით. ასევე საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.