საფრანგეთის დედაქალაქში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.
მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა პარიზის ქუჩებში ცეცხლი დაანთეს, დაწვეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი სკანდირებდა ლოზუნგს: „ფაშისტებო, წადით!“ დაკავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34 პროცენტით ლიდერობს. 28.1 პროცენტით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3 პროცენტი მოიპოვა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2 პროცენტი მიიღეს.