ყველამ დაინახა, განსაკუთრებით ამ ორი-სამი თვის განმავლობაში, რომ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემთ ვერავის ისეთი სცენარების განვითარების შესაძლებლობას, რომელმაც უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა მიიყვანა ასეთ უმძიმეს მდგომარეობამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, კონკრეტული პოლიტიკური ძალები ღიად იყვნენ ჩართული შესაბამის პროპაგანდაში და ღიად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.
„რაც შეეხება უკრაინიზაციის თემას, საქართველოში უკრაინული სცენარის განვითარების მცდელობას, მათ შორის, მაიდნის განვითარების მცდელობა, შემდეგ მეორე ფრონტი, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია. სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური ძალები ღიად იყვნენ ჩართული შესაბამის პროპაგანდაში, ღიად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. რა თქმა უნდა, ეს აძლიერებდა ზეწოლას ჩვენს ქვეყნაზე, თუმცა ჩვენ ამ წლების განმავლობაში წარმატებით მოვახერხეთ შესაბამისი სცენარის თავიდან არიდება და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ამას შევძლებთ. ყველაზე რთული პერიოდი გამოვლილია, რა თქმა უნდა სირთულეები იქნება მომავალშიც, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ გვაქვს სათანადო გამოცდილება, წარმატებული გამოცდილება ასეთ საფრთხეებთან შეჭიდების კუთხით, გვაქვს დიდი იმედი, რომ მომავალშიც ყველა საფრთხეს ავაცილებთ ჩვენს ქვეყანას. სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. ყველამ დაინახა, განსაკუთრებით ამ ორი-სამი თვის განმავლობაში, რომ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემთ ვერავის ისეთი სცენარების განვითარების შესაძლებლობას, რომელმაც უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა მიიყვანა ასეთ უმძიმეს მდგომარეობამდე. სახელმწიფო ინტერესები, ეროვნული ინტერესები, მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში იქნება ბოლომდე დაცული", - განაცხადა პრემიერმა.