იტალიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელ პოზიციებზე შერჩეულ კანდიდატურებს დიდ შეცდომას და ევროპელი ამომრჩევლების უპატივცემულობას უწოდებს. ჯორჯია მელონიმ ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, ევროპული ბლოკის ინსტიტუტების ლიდერებიც უნდა შეცვლილიყვნენ. იტალიის პრემიერმა, რომლის მემარჯვენე პარტიამაც ევროპულ არჩევნებში გაიმარჯვა, აღნიშნა, რომ შერჩეული კანდიდატები ევროპელი ხალხის ნებას არ ასახავენ.
„ვფიქრობ, კონსერვატორების, სოციალისტებისა და ლიბერალური პარტიების ჩამოყალიბებული შეთავაზება მთელი თავისი არსით არის შეცდომა. არ ვუჭერ მხარს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ევროპარლამენტის არჩევნებზე ევროპელმა მოქალაქეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ ახალი და განსხვავებული მიმართულება სურთ ევროკავშირისთვის, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება დიდ შეცდომად მიმაჩნია და, რაც მთავარია, ეს არის ევროპელი მოქალაქეებისადმი უპატივცემულობა“, - განაცხადა მელონიმ.
ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით დაასახელებენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად კი პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიუ კოშტა შეარჩიეს, ჯოზეფ ბორელის პოსტს კი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს.