გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოდან დაწყებული, დიდი შვიდეულითა და ისრაელის ნეთანიაჰუთი დასრულებული, ყველა მხარს უჭერს ჩემ მიერ წარდგენილ გეგმას, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დებატებისას განაცხადა. წამყვანი დაინტერესდა, რა ბერკეტებს გამოიყენეენ საპრეზიდენტო კანდიდატები ღაზაში ომის დასასრულებლად.
ბაიდენის თქმით, პირველი ეტაპი, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლებაა, მეორე ფაზა, ცეცხლის შეწყვეტა დამატებითი პირობებით, მესამე ფაზა კი - ომის დასრულება.
„ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს, „ჰამასია“. ჩვენ ვახდენთ ძლიერ ზეწოლას, რომ მიიღონ პირობები. მანამდე კი, ერთადერთი, რაზეც მე უარი ვუთხარი ისრაელს, 2000-ფუნტიანი ბომბებია. ისინი დასახლებულ ტერიტორიებზე გამოსაყენებლად არ გამოდგება. ამით მრავალი უდანაშაულო ადამიანი იხოცება. ჩვენ ისრაელს მივაწოდეთ ყველა სახის იარაღი, რაც სჭირდებათ. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც მსოფლიო ირანის წინააღმდეგ გააერთიანა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, „ჰამასს“ მოქმედების გაგრძელების საშუალება არ უნდა მისცენ, რისთვისაც ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთში გაგზავნილი ჰყავს ქსპერტები და დაზვერვის თანამშრომლები, რათა შეისწავლონ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ „ჰამასს“ ისე, როგორც ბინ ლადენს“.
ბაიდენის განცხადებით, ისრაელმა „ძალიან დაასუსტა „ჰამასი“ და ისინი უნდა განადგურდნენ, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე გარკვეული შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებით, როდესაც დასახლებულ ტერიტორიებზეა საუბარი.