დებატების დროს ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე ისაუბრეს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინას დაიპყრობს და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში არასოდეს შეიჭრებოდა, ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ხალხს ჰგონია, ბაიდენმა კი ამის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.
„უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს. ეწურებათ ადამიანური რესურსი - ხალხი, ჯარისკაცები. ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგეს. დაკარგეს დიდებული ქალაქები ათასწლოვანი ოქროს გუმბათებით და ეს ყველაფერი მისი [ბაიდენის] სულელური გადაწყვეტილებების გამო. რუსეთი არასოდეს შეიჭრებოდა უკრაინაში, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. პუტინმა იცოდა, რომ ჩემთან თამაში არ შეიძლება. გამარჯვებიდან მალევე ამ საშინელ ომს რუსეთსა და უკრაინას შორის მოვაგვარებ“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ომის დასრულებისთვის პუტინის მიერ წამოყენებული პირობები მიუღებელია.
ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის პირველი დებატები დღეს, ატლანტაში, CNN-ის სტუდიაში გაიმართა.