საბოლოო ჯამში, ყველა დაინახავს, რომ საქართველო სწორ ნაბიჯებს დგამს. ჩვენ ვმოქმედებთ ხალხის მანდატითა, ხალხის სახელით ხალხისთვის და როდესაც ხელისუფლება ასე მოქმედებს, სიმართლეს ყველა დაინახავს - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ხალხის მანდატითა და ინტერესით, ყოველთვის არის მართალი.
„ჩვენი ოპოზიცია, რომელიც მოქმედებს უცხო ქვეყნის ნებით, პირველ რიგში აზიანებს საკუთარ ქვეყანას. გულზე დაიდოს ყველამ ხელი და წარმოიდგინოს, ეს ოპოზიცია 2022 წლის თებერვალში ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა?! გააგზავნიდა თუ არა მებრძოლებს უკრაინაში - რა თქმა უნდა კი, დააწესებდა თუ არა სანქციებს - რა თქმა უნდა დააწესებდა და დღეს გვექნებოდა დანგრეული ქვეყანა როგორც ფიზიკურად ისე ეკონომიკურად.
დღეს, ევროკავშირის სტრუქტურების უმაღლესი წარმომადგენლები რომ საუბრობენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებისგან არის დეზინფორმაცია, ერთი დეზინფორმაცია მაინც დაასახელონ, მე კი ბევრს დავასახელებ, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებიდან, პოლიტიკური ჯგუფებიდან მოდიოდა. ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელსაც არ გამიჯვნია ევროკომისია, არ გამიჯვნია არცერთი ევროკავშირის ინსტიტუტი, რომელიც დეზინფორმაციითა და ტყუილით იყო სავსე სააკაშვილთან დაკავშირებით. ვინმემ ამაზე ბოდიში მოიხადა?! ამის გამო ევროპელი პოლიტიკოსები ამ ქვეყანას რომ აჯანჯღარებდნენ, ამაზე ბოდიში ვინმემ მოგვიხადა?! ამ ყველაფერზე დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მართალია და იცით რატომ - იმიტომ რომ მოქმედებს ხალხის ინტერესით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.