მინდა მივმართო ქართველ ხალხს: ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, დაიცავით თქვენი ქვეყანა, ეს არის უკანასკნელი ბრძოლა, თუ თქვენ ამას ახლა არ გააკეთებთ, თქვენ დაკარგავთ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ საქართველოს, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.
„პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და საქართველოს ამ უდიდეს წარმატებას. საქართველოს ფეხბურთი სუპერ. ეს სიმართლეა, ქართული ფეხბურთი სუპერია და ეს კარგი ამბავია, სამწუხაროდ, ეს დღეს ბოლო კარგი ამბავია საქართველოსთვის, რადგან რასაც ჩვენ იქ ვხედავთ, ეს არ ეხება რუსულ კანონს, ეს არ ეხება მხოლოდ დემოკრატიას, ეს ეხება დამოუკიდებლობის დაკარგვას. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება: ჩვენ ახლა ვხედავთ საქართველოს ბელარუსიზაციას. ეს სიმართლეა. საქართველოს რეალური ჩრდილოვანი მმართველი, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად ამართლებს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასაც კი. ივანიშვილმა, თბილისში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოზე თავდასხმაში დამნაშავეა არა რუსეთი, 2014 წელსა და 2022 წელს უკრაინაზე თავდასხმებში დამნაშავეა არა რუსეთი, არამედ გლობალური დასავლეთის ე.წ. „ომის პარტია“, - აღნიშნა გონჩარენკომ.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კრემლის პატიმარია.
„აი, რა ხდება ახლა საქართველოში. ეს არის ბელარუსიზაციის მკაფიო გზა. პირველი, მათ ჰყავთ კრემლის პატიმრები და მინდა შეგახსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, მე არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ მისი პოლიტკური ფანი, მაგრამ ის კრემლის პატიმარია და 2 წლის წინ, აქ, ჩვენმა ასამბლეამ ხმა მივეცით და მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რაც შეიძლება სწრაფად გაეთავისუფლებინა სააკაშვილი, მაგრამ მათ ეს უგულებელყვეს“, - აღნიშნა გონჩარენკომ.
მისი თქმით, საქართველოს არსებობა საფრთხის ქვეშ დგას.
„ამის შემდეგ, ისინი კლავენ დემოკრატიას რუსული კანონის, რუსული დღის წესრიგის გამოყენებით, რადგან დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის უკან რუსეთი დგას. ეს არის ის, რაც მათ ბელარუსში გააკეთეს, განახორციელეს ქვეყნის ოკუპაცია და შემდეგ მოკლეს ქვეყნის დამოუკიდებლობა. ბევრი რამ დევს ახლა სასწორზე, ეს არ ეხება პოლიტიკას, ეს ეხება საქართველოს არსებობას. მინდა მივმართო ქართველ ხალხს: ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, დაიცავით თქვენი ქვეყანა, ეს არის უკანასკნელი ბრძოლა, თუ თქვენ ამას ახლა არ გააკეთებთ, თქვენ დაკარგავთ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ საქართველოს. ეს არის ის, რაც არ უნდა მოხდეს და თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ ამის შეჩერება. ჩვენ - უკრაინა, ევროპა - თქვენს გვერდში ვართ, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენ ვერ შეგცვლით“, -აღნიშნა უკრაინელმა დეპუტატმა.