თამარ ჩიბურდანიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ვუგზავნით ქართველი ხალხის აღშფოთებას ჩვენს მიმართ არასამართლიანი მოპყრობის გამო

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ვუგზავნით ქართველი ხალხის აღშფოთებას ჩვენს მიმართ არასამართლიანი მოპყრობის გამო

„რეზოლუცია ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ქართველი ხალხის უმრავლესობის განწყობა ამდენი უსამართლო განცხადებების შემდეგ,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და სვამს კითხვას  - „მართალია, ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისევ ამერიკიდან იმართება, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი?“

მისივე თქმით, მოკლევადიანი პოლიტიკური თამაშები მალე დასრულდება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწევს.

„რეზოლუცია ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ქართველი ხალხის უმრავლესობის განწყობა ამდენი უსამართლო განცხადებების შემდეგ. თუ რატომ არ შეუძლია ქართველ ხალხს მიიღოს ბევრად უფრო მსუბუქი კანონი, ვიდრე თავად ევროპულმა სახელმწიფოებმა მიიღეს, ამაზე პასუხს არავინ გვცემს. მართალია, ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისევ ამერიკიდან იმართება, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი?

ამ კანონის მიღება სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და აუცილებლად იქცევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად. რაც შეეხება დემოკრატიის ხარისხზე საუბარს, ჩვენ არ გვისწავლია “დემოკრატიის პრინციპები” იმ სახით, რა სახითაც დღეს გვთავაზობს დასავლეთი. საზოგადოება გაიზარდა და მათაც კარგად იციან, რომ დემოკრატია უპირველეს ყოვლისა, ხალხის ნების გამოხატულებაა და სწორედ ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება - მიყვება  საკუთარი ხალხის ინტერესებს. პოლიტიკაში ყველაფერი უმრავლესობით წყდება და ხელისუფლებას სწორედ უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვუგზავნით მათ ქართველი ხალხის აღშფოთებას ჩვენს მიმართ ანტიდემოკრატიული და არასამართლიანი მოპყრობის გამო. თავს იმით ვიიმედებთ, რომ ეს მოკლევადიანი პოლიტიკური თამაშები მალე დამთავრდება და შემოდგომიდან კვლავ იგივე  ხელისუფლებასთან მოუწევთ საკუთარი სიტყვების უკან წაღება. ისევე როგორც ცხოვრებაში, პოლიტიკაშიც შეცდომის აღიარება მხოლოდ ღირსეულებს შეუძლია და ჩვენც სწორედ ასეთი ევროპისკენ ვისწრაფვით,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.