ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე გამართულ თამაშებში იდეალური შემადგენლობა დააყენა.
გოცირიძის თქმით, ვილი სანიოლი, ისევე როგორც მთელი გუნდი, საქართველოს სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.
„ეს იყო წარმოუდგენელი განაცხადი ქვეყნის ევროპულობაზე – თუ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ცხრა ვალდებულებაა შესასრულებელი და სტატუსი იმ პოზიციით მოგვცეს, რომ ხალხი იმსახურებდა, ეს იყო ხალხი. ხალხია ევროპელი – ეს ბიჭები საქართველოს წინ გაუძღვნენ ევროპაში მოგებული თამაშითა და იმ განწყობით, რაც საქართველოზე შეიქმნა როგორც ფეხბურთით, ასევე გულშემატკივრების სახით, რომლებიც ევროპას მოედნენ და ევროპა ხედავს, რომ ქართველების ადგილი აქ არის.
ხანდახან ბრიყვს ბრიყვი უნდა დაუძახო. ატეხილია შეთქმულების თეორიები, თურმე სანიოლი შემადგენლობას ვიღაცების კარნახით აყენებს, ვიღაცამ ფული გადაუხადა. მიქაუტაძის შეცვლა შეუძლებელი იყო, გუშინ დაღლილ-დაქანცულიც კი არ შეცვალა. ამ თამაშებში იდეალური შემადგენლობა დააყენა. არსებობენ პოლიტსექტანტები, რომელთაც რაღაც ელანდებათ, მაგრამ ეს მწვრთნელი საქართველოს სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, როგორც მთელი ეს გუნდი“, – განუცხადა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.