მოლოდინი არ გვაქვს, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შედეგად საქართველოს რაიმე სანქცია დაეკისროს. იქნება კრიტიკული განცხადებები, რომელიც აქამდეც ყოფილა, თუმცა რაიმე ტიპის დაფინანსების შეწყვეტა არ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო წინასაარჩევნო პერიოდში შედის და ასეთ დროს, როგორც წესი, მაღალი დონის კონტაქტები იშვიათია, რადგან შეიძლება ჩაითვალოს, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერად.
„ევროპული საბჭოს დღევანდელი შეხვედრიდან არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს რაიმე სანქცია დაეკისრება. თუმცა, კრიტიკული განცხადებები იქნება, აქამდეც იყო და ახლაც იქნება. არ ვფიქრობ, რომ რაიმე სერიოზული გადასინჯვა იყოს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, მაღალი დონის კონტაქტები ძალიან იშვიათია, რადგან ასეთი კონტაქტები, შეიძლება ჩაითვალოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერად. სექტემბერში და ოქტომბერში ნამდვილად არ ველოდებით მაღალი დონის ვიზიტებს საქართველოში ან შეხვედრებს, დაგეგმილიც არ იყო, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ურთიერთობას საოპერაციო თუ სამუშაო დონეზე ყველა იმ ფორმატში აგრძელებს, რაც აქვს.
„დიალოგი გაგრძელდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფრო მეტად გააქტიურდება მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ახალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. არ ველოდები, რომ რაიმე ტიპის დაფინანსება იქნება შეწყვეტილი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.