დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ, ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები - რეკომენდაციის ფასი ნულია, არ იქნება გათვალისწინებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან ვენეციის კომისიის ექსპერტებს მიმართა, რომ „ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ ჩანაწერი“ მიუღებელია.
„დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ. ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები. ვენეციის კომისიის ექსპერტებს მინდა მივმართო - ეს არის საქართველო, უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებლური სახელმწიფო, თავისი ტრადიციებით, თავისი სტუმარმასპინძლობით, თავისი ქალისა და კაცის დაფასებითა და პატივისცემით. იქ რომ ჩაწერეთ, ის მაინც გააკეთეთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოსო, მიუღებელია. აქ მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ გამოვა ბიჭებო და გოგოებო. ასე რომ, ის რა რეკომენდაციაც მოგვეწერეთ ნულია მისი ფასი და არ იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, ზარქუა გამოეხმაურა პრეზიდენტის ვეტოს.
„დღეს პოლიტიკურ თემებში არ ვიქნები. დავარქვათ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი. ასე მინდა ფორმულირება. დღეს ერთიანობის, გამარჯვების დღე გვაქვს და არ მინდა ვაკრიტიკო, არ მინდა უარგუმენტო ვეტო ვახსენო, იმიტომ, რომ არაფერი ეწერა იქ, ისევე როგორც დანარჩენ ნაწილში, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო და კითხვაზე, "რატომ არ უჭერ მხარს", პასუხი იყო "იმიტომ"," - განაცხადა ზარქუამ. მან ფეხბურთში მიღწეული წარმატება მთელ საქართველოს მიულოცა და აღნიშნა, რომ თითოეული ფეხბურთელი გმირია. „ყველას გილოცავთ. ეს იყო ერთიანობის დღე, გამარჯვების დღე. მე მინდა მივულოცო იმ ხალხსაც, ვინც მთელი ეს პერიოდი აკრიტიკებდა კვარაცხელიას და ჩვენს მწვრთნელს, სანიოლს. ესენი არიან გმირები. გმირები არიან ფედერაციის წარმომადგენლები, თითოეული ფეხბურთელი, მთელი სამწვრთნელო შტაბი. 26 რიცხვი დაიმახსოვრეთ. ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და რიცხვი. არა მხოლოდ ეს, მაგრამ განსაკუთრებით ეს“, - განაცხადა ზარქუამ.