მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოებას გულისხმობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელებისთვის ეს დამატებითი სტიმული იქნება.
„ეს დამატებითი სტიმულია იმ ეროვნულ სიამაყესთან ერთად, რომ ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. ამ შემთხვევაში შემთხვევით ნამდვილად არ არის, რომ ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც დამატებით სტიმულს, მოტივაციას აძლევს ეროვნულ ნაკრებს, იმიტომ, რომ ძირითადი მოტივაცია არის შენი ქვეყნის და ხალხის გახარების სურვილი და ჟინი და დამატებითი სტიმული რა თქმა უნდა უდიდესი მოტივაციაა. ყოველთვის ასე ხდება, მიღებული პრაქტიკაა და ძალიან მაგარია, რომ სოლიდური ჯილდო ერგებათ ჩვენს ბიჭებს.
ერთადერთი თემაა, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აქაც ჩააკვეხებენ ხოლმე რაღაცას. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს 30 მილიონის გადახდა ნაკრებისთვისო - ერთ-ერთმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. მოდით, აქ მაინც დავანებოთ თავი - დიდი სიხარულით გადასცემს ყველა ყველაფერს, რაც კი შეუძლია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის თითოეული ჩვენგანი. რაც შეგვიძლია ყველაფერს გავიღებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ მეტი გამარჯვება მოიპოვოს და ეს ბრძოლის ჟინი დაანახოს მთელს მსოფლიოს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.