პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო

78 - მომხრე, 0- წინააღმდეგი - პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.

საკითხი ეხება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ძირითად კანონპროექტსა და მის თანმდევ სხვა კანონპროექტებს. ასევე პირველი მოსმენით - 78 მომხრე, 0 წინააღმდეგი მიიღეს პაკეტიდან გამომდინარე ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შესახებ.

კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, დაუშვებელია.

ამასთანავე, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.