კანდიდატის სტატუსის მიღებიდან არცერთი დღე მმართველ გუნდს არ ჩაუგდია და მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა იმისთვის, რომ 9-პუნქტიანი გეგმის შესრულება უზრუნველყოფილი იყოს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღესდღეობით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახნის შანსები უფრო მაღალია.
„მთელმა მსოფლიომ დაინახა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში ეროვნული ხელისუფლებაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა პრიორიტეტში აყენებს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. შესაბამისად, ის ერთიანობა და სიმტკიცე, რომელიც ხელისუფლებამ გამოავლინა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით, იყო გარკვეულწილად გადამწყვეტი კომპონენტი, იმ რეფორმებთან ერთად, რომელიც მიმდინარე პროცესია. შეხვედრები, რომელსაც ვაწარმოებთ პარტნიორებთან, გვაძლევს იმის ხედვას, რომ დღესდღეობით შანსები რომ მოლაპარაკებები გაიხსნას, უფრო გაზრდილია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსი სრულიად უსამართლოდ არ მოგვანიჭეს, მაშინ ჩვენ ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა გავწიეთ და გამოვიჩინეთ პრინციპულობა სწორედ ამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც საბოლოო ჯამში იმ სასურველი შედეგით დასრულდა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მოლაპარაკებებიც გაიხსნება და საქართველო იქნება შემდგომი გაწევრიანების პროცესში ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მომზადებული შეხვდება ამ პროცესს“, - აღნიშნა მიქანაძემ.