როდესაც „ნაცობის“ ოცწლიანი სტაჟი გაქვს, თან ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნის და მერე გინდა საზოგადოება მოატყუო, რომ ახალი ხარ, ეს უკვე პოლიტიკური აფიორაა, რომელიც პირიქით, საბედისწერო შედეგამდე მიიყვანს, იმ ადამიანს, ვინც ასეთ ტყუილს იკადრებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარტია „ახალზე“ საუბრისას განაცხადა.
„შესაბამისად, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ახალი არ არის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის განშტოება, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ანუ, ამ აფიორის აქტითაც ის ჩანს მხოლოდ, როგორ არ იცნობენ ჩვენს საზოგადოებას, როგორი დაბალი წარმოდგენა აქვთ ხალხზე, რომ ჰგონიათ ასეთი მდაბიო ტყუილებით რაიმე წარმატებას მიაღწევენ. ამიტომ არავის უნდა გაუკვირდეს, როდესაც ასეთ რამეს კადრულობს ადამიანთა ჯგუფი, რომ საზოგადოება მათ შესაბამის განაჩენს გამოუტანს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.