მმართველ პარტია სალომე ზურაბიშვილს დისკრედიტაციის და პოლარიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს- ასეთი შეფასებები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, მან ღირსების ორდენზე არ წარადგინა ის ადამიანები სრული შემადგენლობით, რომელთა სიაც, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, მას მთავრობისგან გადაეგზავნა.
„ფაქტია, რომ ზურაბიშვილი არ აპირებდა აქტის გამოცემას, იმიტომ რომ მას, როგორც ჩანს, არ ეცალა. ხან ქარტიებზე, ხან მსგავს გაურკვეველ დოკუმენტებზე და ხან ოპოზიციის ე.წ. ერთიანობაზე მუშაობდა. მისთვის მეორე და მეათეხარისხოვანი იყო იმ ადამიანების დაჯილდოება, ვინც დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო აქტიურობა, რაც ის პირდაპირ ამხილეს ამ უპასუხისმგებლობაში. მაგრამ აქაც ადამიანების სეგრეგაცია მოახდინა და ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენა როგორი ანტიეროვნული ბრძანდება სინამდვილეში“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
გუშინ ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი“.