თეა წულუკიანი: ეს არის მორიგი შეცდომა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობის ფარგლებში დაშვებული

თეა წულუკიანი: ეს არის მორიგი შეცდომა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობის ფარგლებში დაშვებული

ეს არის მორიგი შეცდომა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობის ფარგლებში დაშვებული, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკას“.

ვიცე-პრემიერმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობას ვერაფერი დაარღვევს.

„ეს არის მორიგი შეცდომა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობის ფარგლებში დაშვებული. დაახლოებით 2018 წლიდან დღემდე მინიმუმ ორი მცდელობა ვიხილეთ წარუმატებელი რევოლუციის, ძირითად მონაწილეებად და მედროშეებად ამ მცდელობების იყვნენ კონკრეტული დიდი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ფულით ცდილობდნენ ამის გაკეთებას. შემდეგ იყო დეგნანის მმართველობის პერიოდი, რომელმაც ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ამ ძალიან ძვირფას და აგურ-აგურ ნაშენებ ურთიერთობებს. დღეს კიდევ სხვა შეცდომებიც რომ არ ჩამოვთვალო მათი მხრიდან, ვხედავთ მორიგ შეცდომას. ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორობა არის სახეზე მაინც, ამას ვერაფერი დაარღვევს, მე ამის მჯერა და მწამს და იმედი მაქვს, რომ იმაზე მალე დადგება დრო, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, როდესაც ამ ურთიერთობების განახლება თუ გადატვირთვა დაიწყება. დასანანია, რომ ამ სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ამ მომენტის მომწიფება და დადგომა დროში კიდევ უფრო გადაავადოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.