თეა წულუკიანი სავიზო შეზღუდვებზე: მათი მთავარი მიზანია, რომ ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში“ და რომელსაც როცა ეტყვიან ადექიო - ადგება, ეტყვიან დაწექიო - დაწვება, ეტყვიან იფორთხეო - იფორთხებს

თეა წულუკიანი სავიზო შეზღუდვებზე: მათი მთავარი მიზანია, რომ ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში“ და რომელსაც როცა ეტყვიან ადექიო - ადგება, ეტყვიან დაწექიო - დაწვება, ეტყვიან იფორთხეო - იფორთხებს

თეა წულუკიანმა აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს შეცდომა უწოდა. როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, მას იმედი აქვს რომ ეს შეცდომა გამოსწორდება.

თეა წულუკიანის აზრით, სავარაუდოდ, სანქციების დაწესების მიზანია, ამომრჩეველი საკუთარ მთავრობაზე გააბრაზონ და მთავრობა მარტო დარჩეს.

„თქვენ ვერ დაადებთ ხელს დღეს ვერც ერთ მმართველს ვერც მთავრობაში, ვერც საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელსაც თვითმიზნად ჰქონდეს თვითგვემა. თუ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და არ მოგვცემთ ხმას, არ მგონია, რომ ამის გამო ხელისუფლებაში ვინმე ტირილს დაიწყებს. ჩვენ არ ვართ ჩაბღაუჭებული ხელისუფლებას. თუ აგვირჩევთ, ვიქნებით, თუ არ აგვირჩევთ, არ ვიქნებით. ეს არის ანაბანა იმ დემოკრატიის, რომელზეც გვითხრეს, რომ არ გაქვთო. მათი მთავარი მიზანია, რომ ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში“ და რომელსაც როცა ეტყვიან ადექიო - ადგება, ეტყვიან დაწექიო - დაწვება, ეტყვიან იფორთხეო - იფორთხებს, იძახებს ბევრ სისულელეს და გააკეთებს სხვის საქმეს. არ მგონია, რომ ის ერი, რომელმაც ამდენი რამე გამოიარა, თავის მთავრობას დაშორდება, რომელიც მას მსახურად უდგას და საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.