ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.
როგორც ექსპერტი აცხადებს, საქართველოში მუქარები არ ჭრის. ქართველი ხალხი აპირებს გამოიჩინოს სათანადო პრინციპულობა და ღირსეულად გაიმარჯვოს არჩევნებში.
„ძალიან სამწუხაროა, რომ აშშ-მა სანქციების პაკეტი გამოაცხადა საქართველოს წინააღმდეგ, დიახ სწორედ საქართველოს წინააღმდეგაა და არა კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ. სხვანაირად რა ახსნა აქვს იმას, რომ ანგარიშს არ უწევენ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ეთანხმებიან მცირე რადიკალური ჯგუფების ნება სურვილს, რაც იმაზე მიანიშნებს ეს რადიკალები არიან მათი დასაყრდენიც და მომავალში ხელისუფლებაში მოაზრებულებიც. ახლა კი საკითხს ასე შევხედოთ, მომავალ არჩევნებში მათი ერთგული ჯგუფების დამარცხების შემთხვევაში როგორ მოიქცევიან? ომს გამოუცხადებენ საქართველოს თუ შეეცდებიან ყველანაირი დახმარება აღმოუჩინონ რადიკალებს არეულობისა და გადატრიალების მოწყობაში? საქართველოში მუქარები არ ჭრის, თან ვიცით, რომ მართლები ვართ! ქართველი ხალხი აპირებს გამოიჩინოს სათანადო პრინციპულობა და ღირსეულად გაიმარჯვოს არჩევნებში. უცხოეთიდან "გაყალბდა -გაყალბდა" ყიჟინი აქ ვერ გაამართლებს, არეულობის მომწყობები კი სათანადოდ და კანონიერად დაისჯებიან, ორ ქვეყანას შორის უკვე გაჩენილი ბზარი კი უფრო გაღრმავდება. თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, რომელსაც უკვე საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს დღევანდელი, მოუწევს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება. ჩვენ კი, უფრო მეტი შემართება მოგვეცა იმისათვის, რომ ჩვენი ღირსების შენარჩუნებით საქართველოში რადიკალები ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.