არჩევნების შედეგზე არ ვნერვიულობთ, ჩვენ მთავარ გამოწვევად გვექნება სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა და არეულობის თავიდან აცილება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა კვლევა და ანალიზი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი უმრავლესობით შევა მომავალ პარლამენტში.
„აქ ეს პრობლემა ჩვენთვის არ დგას, ჩვენთვის პრობლემა ისევ დგას იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ბევრად ადრე გამჭვირვალობის შესახებ ქართულმა კანონმა პროვოცირება მოახდინა იმ აგრესიისა და გეგმების, რაც მერე უნდა გამოვლენილიყო და ეს ენერგია მათი მხრიდან ეტაპობრივად იხარჯება, მათ მაინც შემორჩებათ იმის რესურსი და ენერგია, რომ შეეცადონ, მორიგი არეულობა მოაწყონ არჩევნების შემდეგ. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და არა ის, მოვიგებთ თუ არა არჩევნებს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად ურტყამენ ამ ხელისუფლებას თავში, ქართველი ხალხი ხედავს იმიტომ ურტყამენ, რომ მისი გაწევა უნდათ, რათა პირისპირ დარჩეს ხალხი საფრთხის წინაშე. მომდევნო თვეების მანძილზეც თუ ასე გაგრძელდა მუდმივი დარტყმები ხელისუფლებაზე, შესაძლოა, უფრო მეტი ხმა მივიღოთ, ვიდრე ჩვენ გვაქვს გათვლები დღეს. შესაბამისად, არჩევნების შედეგზე ჩვენ არ ვნერვიულობთ. ჩვენ როგორც გუშინ, დღეს და მომავალშიც მთავარ გამოწვევად გვექნება სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა და არეულობის თავიდან აცილება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.