ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა ნომერ პირველი პრიორიტეტია ცხრა ნაბიჯს შორის, ვიმედოვნებ, აღარ განმეორდება განცხადებები, რომლებიც სრულად უსაფუძვლოა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, რა კომენტარს გააკეთებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე.
„ცხად პოლიტიკას ვატარებ, რომ არ გავაკეთო კომენტარი კონკრეტულ კომენტარებზე, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, არის, რომ მოვისმინეთ ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლებისგან, მათ შორის ჩვენი, ევროკავშირის დადანაშაულება საქართველოში ტერორიზმის დაფინანსებაში, საქართველოს ჩაგვრაში, ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება. ეს განცხადებები ძალიან მაწუხებს. საქართველოში თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ, სრულად მესმის, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკურსი ძალიან ემოციურია. ასევე მესმის, რომ უკვე საარჩევნო კამპანიაში ვართ. ვცდილობ, არ მივიღო ეს განცხადებები ესკალაციურად, მაგრამ რაც მართლა მაწუხებს, ეს განცხადებები ასევე გაიგეს ევროკავშირის დედაქალაქებში და ბევრ პოლიტიკოსს ბრიუსელში, სხვა დედაქალაქებში უბრალოდ არ ესმით, რა ხდება, საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლებისგან რატომ ისმის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის ზიანის მომტანი განცხადებები. როგორც ყველამ ვიცით, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ცხრა ნაბიჯს შორის. გულწრფელად ვიმედოვნებ, აღარ განმეორდება ასეთი განცხადებები, რომლებიც სრულად უსაფუძვლოა. ერთ-ერთი ბრლადება არის, რომ ევროკავშირი აფინანსებს ტერორიზმს.
ვამაყობთ განვითარებაში გაწეული ჩვენი დახმარებით, რომელსაც მრავალი წელია, ვახორციელებთ საქართველოში და ყოველთვის ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ჩვენს ვებგვერდზე ნახავთ პროექტებს, ასევე არის სპეციალური ვებგვერდი ევროკაშირი საქართველოსთვის, სადაც ნახავთ ყველა დეტალს თითოეულ ევროზე, რომელიც დაიხარჯა საქართველოში, ეხება ეს სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩვენ მხარეს არის სრული გამჭვირვალობა, სრული ერთგულება საქართველოს მხარდაჭერისთვის, გახდეს უფრო ძლიერი, უკეთესი ადგილი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. ეს ეხება არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ჩვენი წევრი ქვეყნების ორმხრივ პროექტებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.