რადიკალებს ქართველი ხალხის არ ესმით. ქართველი ხალხის ნება-სურვილია, რომ საქართველოში ნაკლები ლგბტ პროპაგანდა იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„განა არ იციან, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა ეს არის, რომ პროპაგანდა არ უნდა იყოს. ამაშიც კი გვერდზე გადგნენ. ამაშიც კი განსხვავებულები არიან, რადგან დაკვეთას ელოდებიან - უცხო ქვეყნიდან, სხვა პატრონისგან. ქართველი ხალხი არ არის მათი ხელმძღვანელი, ამ რადიკალებს ქართველი ხალხის არ ესმით. ქართველი ხალხის ნება-სურვილია, რომ აქ ნაკლები ლგბტ პროპაგანდა იყოს, მეტი იყოს ქართული, მართლმადიდებლური, ოჯახის სიწმინდის, ოჯახის ღირებულებების პროპაგანდა. ეს არის ჩვენი ქართველობა და ამას ბოლომდე დავიცავთ“, - განაცხადა ზარქუამ.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომდევნო კვირაში პარლამენტში ბიუროზე გავა, რის შემდეგაც საკითხზე კომიტეტებში იმსჯელებენ. ოპოზიცია კანონპროექტებს მხარს არ უჭერს მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდა დღეს გამოწვევაა. ამ გამოწვევასა და ბოიკოტს შორის კი ოპოზიცია არჩევანს ბოიკოტზე აკეთებს.