რაც შეეხება „პროპაგანდის წინააღმდეგ" კანონს, აქ მარტივი ლოგიკაა, ვინც ეწინააღმდეგება პროპაგანდის შეზღუდვას, ის მხარს უჭერს პროპაგანდას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა. მისივე განცხადებით, პროპაგანდას აქვს ძალიან მძიმე შედეგი საზოგადოების სხვადასხვა წრეებზე დასავლეთის სივრცეში, რაც სტატისტიკითაც დასტურდება და იმისათვის, რომ ქართული საზოგადოება იყოს დაცული, საჭიროა კანონის მიღება.
„მე, კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ უნდა დავაფიქსირო, რომ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ვერ გადაიხედება, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად ცხოვრების წესისა. ჩვენი საქმე არ არის სხვისი ცხოვრების წესის განხილვა, განსჯა და ა.შ. მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, ასეთ პროპაგანდას აქვს ძალიან მძიმე შედეგი სხვადასხვა საზოგადოებაზე, დასავლეთის სივრცეში, ეს სტატისტიკითაც დასტურდება. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს დაცული ასეთი პროპაგანდისგან, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი კანონის მიღება. როცა ამას უპირისპირდება ოპოზიცია, ჩანს, რა არის მათი რეალური განზრახვა და მიზანი,"- განაცხადა პრემიერმა.