დავით ქართველიშვილი: დაკავებულია ორი რეალური ტერორისტი

დავით ქართველიშვილი: დაკავებულია ორი რეალური ტერორისტი "მაიდანის" ფართო დაანონსების ფონზე, იმედია, ტენდენცია არ დაირღვევა და ამას "მაიდანისტების" დაკავებაც მოჰყვება - მადლობა სუს-ს და ქვეყნის ხელისუფლებას

"ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, ეს არის ტენდენცია, რომელიც 2021 წელს, 20-ზე მეტი უკრაინელი ბოევიკის დაკავებით, მეორე დღეს სააკაშვილის დაპატიმრებით დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი  USAID-ის მიერ ჩამოყვანილი პოლიტიკური ტერორის ტექნოლოგების დაკავებით გაგრძელდა. ქართველიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ორი რეალური ტერორისტის დაკავებას, "მაიდანისტების" დაკავებაც მოჰყვება.

"ამას კი უკვე ტენდენცია ჰქვია. როდესაც 2021 წლის 30 სექტემბერს კიევი-თბილისის რეისზე 20-ზე მეტი უკრაინელი ბოევიკი დავაკავეთ და მათი სამშობლოში დეპორტირება მოვახდინეთ - ხოლო მეორე დღეს, კონტრაბანდულად ჩამოსული VIP- არაჟანიც დავაპატიმრეთ - ეს იყო პირველი სიგნალი.

როდესაც 2023 წლის სექტემბერში USAID-ის მიერ ჩამოყვანილი პოლიტიკური ტერორის ტექნოლოგები დავაკავეთ და მივხვდით, რომ მათ ჩამომყვანებთან არანაირი ნდობა არ შეიძლება გქონდეს - ამას კი მოჰყვა გამჭვირვალობის კანონის მიღება - ეს იყო მეორე სიგნალი.

და აი კიდევ ერთი ფაქტი: დაკავებულია ორი რეალური ტერორისტი. დაკავებულია პოლიტიკური ტერორის - "მაიდანის" ფართო დაანონსების ფონზე. იმედია, ტენდენცია არ დაირღვევა და ამას "მაიდანისტების" დაკავებაც მოჰყვება. ეს იქნება მესამე და უკანასკნელი სიგნალი.

მადლობა სუს-ს, მადლობა ჩემს ყოფილ კოლეგებს და მეგობრებს. მადლობა ქვეყნის ხელისუფლებას." - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.