დიმიტრი ხუნდაძე: არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა გაეხვიოს დესტრუქციაში, მითუმეტეს ომში - სუვერენიტეტს და ქვეყნის ინტერესებს არ ვცვლით ავიაბილეთებში

დიმიტრი ხუნდაძე: არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა გაეხვიოს დესტრუქციაში, მითუმეტეს ომში - სუვერენიტეტს და ქვეყნის ინტერესებს არ ვცვლით ავიაბილეთებში

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მ,დივანი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ში გამართულ კონგრესის სხდომას აფასებს. დეპუტატის თქმით, ვაშინგტონში გამართული კონგრესი იყო სპექტაკლი, რომელიც მიზნად საქართველოში რევოლუციას ისახავს. ხუნდაძე განმარტავს, რომ ამერიკიდან გაჟღერებული მაიდანიზაციის მუქარა მისთვის მიუღებელია. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის პრინციპული პოზიცია ისევ უცვლელია, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არის პრიორიტეტი.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის იმ სცენარის გაგრძელება, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას და ქვეყნის ომში ჩართვას ემსახურება, ასევე, იმ ხელისუფლების შეცვლას, რომელიც არ არის მორჩილი და უპირატესობას ანიჭებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მინდა ჩვენი გუნდის პრინციპული პოზიცია კიდევ გავაჟღერო - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა გაეხვიოს დესტრუქციაში, მითუმეტეს ომში, ქვეყანაში ვერ შედგება ვერც მაიდანიზაცია, ვერ იქნება ვერანაირი რევოლუცია რამეთუ, ეს იქნება ომის წინაპირობა და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში დღეს ომის მომხრეები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მშვიდობის მსურველნი, ამ ურთულეს ვითარებაში ჩვენ მოვახერხეთ, საქართველო, რომელსაც ჰქონდა მეორე ფრონტის როლი, დაგვეხსნა ამ განვითარებისგან, თუმცა ეს თემა დღესაც აქტუალურია. როგორც ხედავთ მეორე ტალღა დაწყებულია, სამწუხაროა რომ ეს ხდება ვაშინგტონში. ეს იყო სპექტაკლი, რომლის მთხრობელები იყვნენ ყოფილები, მათი პასუხისმგებლობა იყო მხოლოდ და მხოლოდ  პატრონების მიერ დაკვეთილი სცენარი შეესრულებინათ. ამ სპექტაკლის მონაწილე ასევე იყო ერთ - ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული პოლიტიკოსი - შალვა ნათელაშვილი. ვფიქრობ, რომ საქართველოში, თუნდაც ოპოზიციაში ერთი პროცენტით უფრო მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსები მოიძებნებიან. ასევე ვფიქრობ, რომ მეტი ობიექტურობის თვალსაზრისით, ალბათ ჯობდა, მაგალითად ელჩი ყოფილიყო იქ ან სხვა რომელიმე წარმომადგენელი, რომ  ეს სპექტაკლი ცალი კარის თამაშის პრინციპით არ ყოფილიყო. ისევ გაიჟღერა, თითქოს მიხეილ სააკაშვილს აწამებენ, არადა ეს დადგმული სცენარი მთელმა მსოფლიომ ნახა და სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა რომ არავითარ წამებას ადგილი არ აქვს  და მისი უფლებები დაცულია. გაჟღერდა, რომ თურმე ჩვენ უნდა გვქონდეს მაიდანიზაციის მოლოდინი რადგან, უკრაინაში ორი რევოლუცია იყო წინაპირობა იმისა, რომ იქ დემოკრატია აღმავალია. თურმე დღეს განვითარების გზაზეა უკრაინა, არადა ვხედავთ რა მძიმე ვითარებაა დღეს უკრაინაში 10 მლნ-ზე მეტი ლტოლვილია,ასი ათასობით ადამიანი და ათასობით ბავშვია დახოცილი.

უკრაინიზაციის და მაიდანის პრიორიტეტი ჩვენ  გუშინ ვაშინგტონში ვნახეთ, კონგრესის დარბაზში. თითქოს არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანად და ობიექტურად, რასაც მოჰყვება რევოლუცია. თუ ისინი იმდაგვარ გაყალბებას გულისხმობენ რაც ISFED-მა ჩაიდინა - პარალელური დათვლის შედეგები რომ გააყალბა. ISFED იყო და დღესაც არის დასავლეთიდან დაფინანსებული და ეს თავად აღიარეს, მაგრამ იმის შემდეგ რაც მმართველმა გუნდმა გაშიფრა ეს თაღლითური მცდელობა. გაყალბებას საზოგადოების მზარდი  ემოცია მოჰყვებოდა და ეს იყო ამაზე გათვლილი, რომ ქუჩაში რევოლუციით დასრულებულიყო პროცესები. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და ჩვენ ასევე ვნახეთ ასეთი მცდელობები მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, რუსთაველზე, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების ველად იქცა მოედანი, სადაც ჩემი თაობის, ჩემი მშობლების და კიდევ უფროსი თაობის წარმომადგენლები ითხოვდნენ დამოუკიდებლობას და დღეს რატომღაც მორჩილების მოთხოვნა გვესმის. კუბილიუსმა თქვა, ვენეციის კომისიამ გამოაგზავნა და სახელმწიფო დეპარტამენტი დაგვპირდა სანქციებს. რა თქმა უნდა, ასეთი ზეწოლა ვერ იქნება მათთვის ეფექტური და შედეგის მომტანი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია - სუვერენიტეტს და ქვეყნის ინტერესებს არ ვცვლით ავიაბილეთებში და სხვა პრივილეგიებში.“- აღნიშნა ხუნდაძემ.