დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. პირველი ქვეყანა, სადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება უკვე აქვთ, ესტონეთია. ესტონეთს 720 ადგილიან ევროპარლამენტში შვიდი დეპუტატი ეყოლება.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა საერთოდ ვერ ხვდება და არ ანაღვლებს ევროპარლამენტის არჩევნები. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში მოქალაქეები უმთავრესად შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააკეთებენ არჩევანს.
მაგალითისთვის, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში ეს არჩევნები მმართველი პარტიისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ დე ფაქტო რეფერენდუმი იქნება. ბულგარეთისა და მალტის მსგავს ქვეყნებში კი, მოქალაქეთა არჩევანს ადგილობრივი პოლიტიკოსებისადმი ამომრჩეველთა დამოკიდებულება განსაზღვრავს და არა ისეთი ფიგურები, როგორიცაა მაგალითად ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„პოლიტიკოს“ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბალტიისპირეთშიც კი, სადაც რუსეთიდან მომავალი საფრთხე არჩევნების შედეგზე სავარაუდოდ დიდ ზეგავლენას მოახდენს, მოქალაქეებს ძირითადად მათი ქვეყნის ბედი აღელვებთ და არა – ევროკავშირის დიდი გეოპოლიტიკა.
რა არის ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არჩევნების შედეგებზე მოახდენს გავლენას?
ავსტრია
ავსტრიაში ამომრჩეველთა ყურადღება მიპყრობილი იქნება მმართველი პარტიისადმი. ბოლო წლებში „ევროპის სახალხო პარტიაში“ არაერთი კორუფციული სკანდალი აგორდა, ამასთან ერთად, ამომრჩევლებს აღიზიანებთ, რომ ხელისუფლება ინფლაციას ვერ აკონტროლებს. ავსტრიის მოქალაქეთა უკმაყოფილების მიზეზი ასევე არის მთავრობის მიერ მიგრაციის მენეჯმენტიც.
მოქალაქეები, რომლებიც 2019 წელს მემარჯვენე ცენტრისტულ „სახალხო პარტიას“ აძლევდნენ ხმას, ახლა მზად არიან, ულტრამემარჯვენე „თავისუფლება“ აირჩიონ. ამ პარტიის საარჩევნო კამპანია ძირითადად შიდაპოლიტიკურ საკითხებზეა აგებული, თუმცა სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერში ბრიუსელი დაადანაშაულონ. მათი მტკიცებით, ევროკავშირი ავსტრიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
„პოლიტიკოს“ მიხედვით, ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შესვლამ ავსტრიის ეკონომიკას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, თუმცა ახლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან ღია საზღვრები ავსტრიელების ცხოვრების წესისთვის საფრთხის შემცველად განიხილება.
ბელგია
საარჩევნო ყუთებთან მისული ბელგიელები 9 ივნისს ნამდვილად არ იფიქრებენ ევროპაზე. მათი საფიქრალი ძირითადად რეგიონული და ფედერალური არჩევნები იქნება, რომლებიც ამავე დღეს გაიმართება. პოლიტიკური დისკუსიების უმეტესობა შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამომრჩევლების ბრაზს იწვევს გაძვირებული ცხოვრება, რაც სავარაუდოდ ექსტრემისტული პარტიების წისქვილზე დაასხამს წყალს.
ბელგიის ფრანგულენოვან ვალონიის რეგიონში დებატები ძირითადად ფოკუსირებულია გადასახადებზე, სოციალურ უსაფრთხოებასა და ჯანდაცვის სისტემაზე. გამოკითხვებით ლიდერობს ულტრამემარცხენე „მშრომელთა პარტია“, რომელიც მოქალაქეებს სტატუს-კვოს შეცვლას ჰპირდება.
ბელგიის ჰოლანდიურენოვან ფლანდრიაში კი, ასეთ კითხვასაც სვამენ – უნდა არსებობდეს თუ არა საერთოდ ბელგია? სეპარატისტულ, ულტრამემარჯვენე პარტიას, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, ქვეყნის არსებული მოდელის დემონტაჟი სურს. მათი მოწინააღმდეგე კონსერვატორები კი გაერთიანებული ბელგიის არსებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უჭერენ მხარს, თუ რეგიონების უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაფართოვდება.
ბულგარეთი
ამ ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნებზე ერთი კაცი დომინირებს. ესაა მაგნატი და პარტიული ლიდერი დელიან პეევსკი, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესეს. დისკუსიები ძირითადად ეხება მისი ოპონენტების ბრალდებებს, რომ პეევსკი ზეგავლენას ახდენს სასამართლოებსა და უსაფრთხოების სამსახურებზე. ბევრი მიიჩნევს, რომ პეევსკი დემოკრატიულ სისტემაში არსებული ხარვეზების განსახიერებაა, რომელშიც ოლიგარქებმა, ჯაშუშებმა და დანაშაულებრივმა ჯგუფებმა ქვეყნის ძირითად ინსტიტუტებს საცეცები მოახვიეს. თავად პეევსკი ამტკიცებს, რომ სასამართლოსა და უსაფრთხოების სამსახურებს იცავს და ევროკავშირსა და ნატო-ს უჭერს მხარს.
ხორვატია
ხორვატიაში საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა კოვიდპანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენაა. პროგნოზების მიხედვით, ხორვატი ამომრჩევლები მმართველ პარტია „ხორვატიის დემოკრატიული კავშირს“ აღარ მისცემენ ხმას, რადგანაც მოქალაქეები ფიქრობენ, რომ მთავრობა ვერ გაუმკლავდა პრობლემებს და ახლა ხორვატიაში ინფლაცია, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ამასთან, ევროკავშირის გაფართოების მომხრე ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს მოქალაქეთა 68%-ი უჭერს მხარს. ამ მხარდაჭერას განაპირობებს ხორვატიის და შესაბამისად ევროკავშირის საზღვარზე არსებული უსაფრთხოების პრობლემები და სამხრეთ ევროპაში სტაბილურობის შენარჩუნების მისწრაფება. თუმცა, ხორვატიაშიც ისმის მოწოდებები ევროკავშირის შიგნით უფრო მეტი გამჭვირვალობისა და დემოკრატიის მოთხოვნით.
კვიპროსი
საარჩევნო ყუთებთან მისული კვიპროსელი ამომრჩევლების დიდი ნაწილისთვის მთავარი საფიქრალი მიგრაცია იქნება.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, მოქალაქეები იმედგაცრუებული არიან არსებული პოლიტიკური სისტემით, რომელიც ვერ გაუმკლავდა მაღალ ფასებთან დაკავშირებულ კრიზისს, ქრონიკულ კორუფციას და დაუსრულებელ სასაზღვრო დავას. ეს კი, როგორც ჩანს, ამომრჩევლების აქტივობაზეც აისახება, რაც თავის მხრივ ამ არჩევნებს გადააქცევს ორი პარტიის შეჯიბრად, რომლებიც უკვე დიდი ხანია, დომინირებენ კვიპროსის საარჩევნო ლანდშაფტზე. ეს პარტიებია „მშრომელთა პროგრესული პარტია“ და „დემოკრატიული გაერთიანება“. მაშინ, როდესაც ეს ორი ძალა ერთმანეთს უპირისპირდება, ძალას იკრებს ანტიიმიგრაციული რიტორიკით გამორჩეული „ეროვნული სახალხო ფრონტი“, რომლის წევრებიც კვიპროსში „დემოგრაფიული ცვლილებების“ შიშებს აღვივებენ. ეს პარტია პროგნოზების თანახმად, მესამე ადგილს დაიკავებს.
ჩეხეთი
ჩეხეთში წინასაარჩევნო დებატების მთავარი თემა მასობრივი იმიგრაცია იყო. როგორც „პოლიტიკო“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით, შარშან მიგრაცია შემცირდა, ულტრამემარჯვენე ჯგუფები, როგორებიც არის „თავისუფლება“ და „პირდაპირი დემოკრატია“, წარმატებით ახერხებენ ამ თემის წინ წამოწევას. ყველა პარტია თანხმდება, რომ ევროკავშირის საიმიგრაციო პაქტი, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, შესაცვლელია.
შიდაპოლიტიკურ საკითხებს შორის, რომელიც არჩევნების წინ ჩეხეთში აქტიურად განიხილებოდა, ასევე არის ევროკავშირის „მწვანე სტანდარტები“. კერძოდ კი გამონაბოლქვის შემცირება და „ევრო 7“ სტანდარტის დანერგვა.
დანია
დანიაში ამომრჩევლებისთვის წინასაარჩევნოდ განხილვის მთავარი საკითხი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენისა და მისი ცენტრისტული მთავრობის პოლიტიკა იყო. როგორ ართმევს თავს მთავრობა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, იმიგრაციას და ეროვნულ თავდაცვას – ეს ის თემებია, რომლებზეც ამომრჩევლები ყველაზე მეტს საუბრობდნენ.
ფრედერიქსენის მთავრობის კოალიციაში შემავალ მოკავშირეებს გადასახადების შემცირება სურთ, მისი პარტია „სოციალ-დემოკრატები“ კი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილს გაზრდას ითხოვენ. როგორც „პოლიტიკო“ წერს, თუ არჩევნებზე აქტივობა დაბალი იყო, მაშინ შესაძლოა, დანიის პრემიერ-მინისტრს პარტნიორ პარტიებთან დათმობაზე წასვლა მოუწიოს.
ამომრჩევლები ასევე უნდა დაფიქრდნენ, გახდება თუ არა ფრედერიქსენი ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი და ხომ არ დათმობს კოპენჰაგენს ბრიუსელში თანამდებობის დასაკავებლად.
ესტონეთი
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ესტონეთი, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზზეა. თუმცა, წინასაარჩევნოდ უსაფრთხოების საკითხები არც თუ ისე აქტუალური იყო.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის ხისტ პოზიციას კრემლის მიმართ მისი პარტიისთვის სარგებელი არ მოუტანია. მისი ლიბერალური „რეფორმების პარტია“ ბოლო ორ თვეში მხარდამჭერებს კარგავდა. ეს ნაწილობრივ სახელმწიფო სექტორის დაფინანსების შემცირებას უკავშირდება. ამას გარდა, მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ კაია კალასს სურს, თანამდებობა ნატო-ში ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში დაიკავოს და დიდად არ არის დაინტერესებული ესტონეთის პრემიერობით.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვებს ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს კონსერვატიული პარტია „სამშობლო“, რომელიც ბოლო ექვსი თვეა, გამოკითხვებში ლიდერობს. ეს პარტია გარემოსდაცვითი ე.წ. მწვანე შეზღუდვების წინააღმდეგია.
ფინეთი
ფინეთში რუსეთიდან მომავალი საფრთხეები შიდა პოლიტიკური დისკუსიის მთავარი საგანია. ევროკავშირის არჩევნების წინ პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავაც იყო ფინეთ-რუსეთის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი. ასე იყო იანვარში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, თუმცა პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვების გამო გარკვეულწილად წინ წამოწია ხელფასისა და სოციალური დაცვის საკითხებმაც.
კვლევების მიხედვით, არჩევნებზე მისული ფინელები ძირითადად რუსეთის საფრთხეზე იფიქრებენ. ამასთან, პროგნოზების მიხედვით, ფინეთში ხმათა უმრავლესობას პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს „ეროვნული კოალიციის პარტია“ მიიღებს და შესაბამისად, ევროპარლამენტშიც ყველაზე მეტი მანდატი მათ გადაეცემათ. მეორე ადგილზე სავარაუდოდ გავლენ „სოციალ-დემოკრატები“, ხოლო მესამეზე – ულტრამემარჯვენე „ფინელების პარტია“.
საფრანგეთი
„პოლიტიკოს“ მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და მის მოკავშირეებს სურთ, ეს არჩევნები ევროპას ეხებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ულტრამემარჯვენეების კანდიდატ ჯორდან ბარდელას ძალისხმევით, საარჩევნოდ ყველაზე მეტს არა ევროპაზე, არამედ მაკრონსა და მის პოლიტიკაზე საუბრობდნენ.
მაკრონის პარტიისთვის წინასაარჩევნო კამპანია რთული გამოდგა. საფრანგეთის მთავრობამ ვერ დაიცვა საბიუჯეტო დეფიციტის დადგენილი პარამეტრები და ამას თან მოჰყვა ძალადობა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე, ახალ კალედონიაში. ამ ფონზე ულტრამემარჯვენე „ნაციონალური გაერთიანების“ კანდიდატი და შედარებით ახალი სახე ჯორდან ბარდელა საფრანგეთის პრესის პირველ გვერდებზე სულ უფრო ხშირად ხვდებოდა.
ამ არჩევნების ფსონები მაღალია – ულტრამემარჯვენეთა ლიდერ მარინ ლე პენს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კარგი სტარტი სჭირდება, ხოლო მაკრონს პოზიციების განმტკიცება სურს, რათა უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა წარმატებულად დაასრულოს.
გერმანია
გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი, რომელზეც მოქალაქეები დააფიქსირებენ, რამდენად ენდობიან ქვეყნის მმართველ კოალიციას. „სოციალ-დემოკრატების“, ლიბერალებისა და მწვანეების მყიფე ალიანსის პოპულარობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად კლებულობდა და შესაბამისად, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობა მატულობს. სიტუაცია კიდევ უფრო რთული ხდება, რადგანაც სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს ბიუჯეტის განხილვა, რაც მწვავე დავის საგანია.
არჩევნების წინ მთავარ საკითხად იქცა გერმანიის როლი უკრაინის ომში. ეს ის თემაა, რომელმაც კოალიციურ მთავრობაში არსებული უთანხმოება გამოაჩინა. „სოციალ-დემოკრატები“ გაერთიანდნენ „მშვიდობის კანცლერის“ გარშემო, ხოლო ლიბერალებმა დაგმეს გერმანიის ყოყმანი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე.
საბერძნეთი
საბერძნეთში ევროპარლამენტის არჩევნებზე მისული ამომრჩევლებისთვის ყველაზე აქტუალური საკითხი გაძვირებული ცხოვრება იქნება. ეს კი შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის რეიტინგზე. მართალია, კვლევები აჩვენებს, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს შესაძლებლობა, მმართველი „ახალი დემოკრატები“ დაამარცხოს, თუმცა იზრდება მემარჯვენეების პოპულარობა. მაგალითისთვის – პროგნოზირებენ, რომ პარტია „ბერძნული გამოსავალი“ სავარაუდოდ, შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ორჯერ მეტ ხმას მიიღებს.
საპასუხოდ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გააცოცხლა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული უთანხმოების საკითხი და ნაციონალისტი ამომრჩევლების მოსახიბლად საარჩევნო სიაში შეიყვანა ბერძენი ალბანელი პოლიტიკოსი ფრედი ბელერი, რომელსაც ათენში პოლიტპატიმარს უწოდებენ.
უნგრეთი
ერთი შეხედვით, უნგრეთში წლევანდელი არჩევნები ყველაზე უინტერესო უნდა ყოფილიყო და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიას უპრობლემოდ უნდა გაემარჯვა, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს არჩევნები გადაიქცა ტესტად ახალბედა ოპოზიციონერ პეტერ მაგიარისთვის.
მაგიარი, რომელიც ორბანის მოკავშირე იყო, ახლა მისი მთავარი კონკურენტია. საარჩევნო კამპანიის დროს მაგიარი აქცენტს აკეთებს კორუფციაზე, ჯანდაცვის სუსტ სექტორსა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე. მისი პარტიის რეიტინგი იზრდება. კვლევები აჩვენებს, რომ მაგიარმა შეძლო მთავრობის მოწინააღმდეგე ელექტორატის მიმხრობა მაშინ, როდესაც ამომრჩევლები ტრადიციულ ოპოზიციური პარტიებს უფრთხიან. თუმცა, მაგიარის პოზიცია ევროკავშირისადმი ჯერ ბუნდოვანია.
ორბანი და მისი პარტიის წევრები ყველა შესაძლო ხერხით ებრძვიან მაგიარს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერმა კანდიდატმა არჩევნებზე ხმების 20%-ის მიღება მაინც თუ შეძლო, მაშინ მას შეეძლება ორბანის მთავარ მეტოქედ თავის წარმოჩენა.
იტალია
იტალიაში პოლიტიკური პარტიები ევროპარლამენტის არჩევნებს ახალი სტრატეგიების და ლოზუნგების გამოსაცდელად იყენებენ, რათა ელექტორატი უფრო ფართო წრეებიდან მიიზიდონ.
პარტია „იტალიის ძმები“ ცდილობს, პიროვნების კულტი გააძლიეროს. საუბარია პრემიერ- მინისტრ ჯორჯია მელონიზე, რომელიც ევროპარლამენტში მუშაობას არ აპირებს, თუმცა დაჟინებით მოითხოვს, რომ პარტიული სიის სათავეში იყოს. მისი საარჩევნო ლოზუნგია „ხმა მიეცი ჯორჯიას“. იტალიის საარჩევნო კანონმდებლობა ასეთი კამპანიის ჩატარების უფლებას იძლევა.
პარტია „ლიგის“ წევრი მატეო სალვინი, რომელიც ბოლო პერიოდში ამომრჩევლების ხმებს კარგავს, განაგრძობს ულტრამემარჯვენე პარტიებისთვის დამახასიათებელ კამპანიას. იტალიაში ახლა გამოფენილია პლაკატები, რომლებზეც საუბარია ბრიუსელის შეთქმულებაზე, აიძულოს იტალიელები, მწერები ჭამონ, ჩაიცვან „ბურკა“ და ყველა გადააქციონ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფეხმძიმე იესოდ.
იტალიური პარტია „ფორცა“ კი ვერ ამბობს უარს აწგარდაცვლილ სილვიო ბერლუსკონიზე. პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ბერლუსკონი მათ გამარჯვებაში დაეხმარება. ამ ფონზე მემარცხენე ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ სხვა ხერხს მიმართავს, პლაკატებზე კანდიდატების სახელებს საერთოდ არ აწერს და მხოლოდ ზოგად საარჩევნო თემებს აცნობს ამომრჩევლებს.
ლატვია
ევროპარლამენტის არჩევნების წინ ლატვიაში ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად ქვეყანაში მცხოვრები რუსულ ენაზე მოსაუბრე ელექტორატი გახდა. ყველა პარტია ამახვილებდა ყურადღებას ამომრჩევლების ან ნაწილის პროცესში ჩართვის აუცილებლობაზე, თუმცა ბევრი უკმაყოფილო იყო დებატების რუსულ ენაზე თარგმნის იდეით.
ლატვია ევროპარლამენტში ცხრა დეპუტატს შეიყვანს, თუმცა ჯერ უცნობია, რომელი პარტიების წარმომადგენლები მოხვდებიან ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში. ყველაზე ახლოს ამ მიზანთან მემარჯვენე „ეროვნული ალიანსია“. ლატვიაში ბიუჯეტის თანხების არასათანადოდ ხარჯვის გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე, რასაც ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრ კრიშიანის კარინშის გადადგომა მოჰყვა, მემარჯვენეები საკუთარ თავს „გაუსვრელ“ ალტერნატიულ ძალად წარმოაჩენენ, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან ყველა კოალიციურ მთავრობაში იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაციონალისტები ხმების უმრავლესობას მოიპოვებენ, პარტია „ახალი ერთობის“ კანდიდატი ვალდის დომბროვსკისი სავარაუდოდ მაინც შეძლებს ბრიუსელში ადგილის მოპოვებას და ევროკომისიაში დაბრუნდება.
ლიეტუვა
ლიეტუვაში ევროპარლამენტის არჩევნები ასევე გახდება მმართველი ძალისადმი ნდობის გამოცხადების რეფერენდუმი. წინასწარი პროგნოზების თანახმად, ცენტრისტი მემარცხენე სოციალისტები სავარაუდოდ მმართველ ცენტრის მემარჯვენეებთან შედარებით ორჯერ მეტ ხმას მიიღებენ, რაც ცხადყოფს, რომ ლიეტუვის მთავრობისადმი ამომრჩეველთა უკმაყოფილება მზარდია.
შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგში რუსეთიდან მომავალი საფრთხე დომინირებს, თუმცა მემარცხენე პარტიებმა დისკუსიაში შემოიტანეს შრომითი უფლებების საკითხიც. ისინი ითხოვენ მინიმალური ხელფასების გაზრდას და 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღებას. სწორედ ეს არის პრიორიტეტული საკითხი მოქმედ ლიეტუველი ევროკომისარ ვირგინიუს სინკიავიჩუსისთვის, რომელსაც ამ თანამდებობის შენარჩუნება სურს.
ნიდერლანდები
ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნებზე ასევე შიდა პოლიტიკური საკითხები დომინირებს. კერძოდ ამომრჩევლებს აინტერესებთ, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ, ახალი მემარჯვენე კოალიციური მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებაზე შეთანხმება, როგორც იქნა, შედგა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წარადგინეს ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი დიკ სხოფი. თუმცა, „პოლიტიკოს“ ცნობით, ჯერ კვლავ ბუნდოვანია, როგორ შეძლებს მუშაობას ახალი კოალიცია, რომელშიც სხვადასხვა მოსაზრების პარტიები არიან გაერთიანებული.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ზოგადად ნიდერლანდების მოქალაქეები არ არიან დაინტერესებული ევროპარლამენტის არჩევნებით და ამომრჩეველთა აქტივობა, როგორც წესი, ძალიან დაბალია.
პოლონეთი
პოლონეთში წელს უკვე გაიმართა ორი მნიშვნელოვანი არჩევნები. ამიტომ, პოლონელი ამომრჩევლები დიდად არ არიან მოწადინებული, ისევ საარჩევნო უბნებზე მივიდნე. პარტიებში წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი თანხები თითქმის ამოწურულია და პოლონელი პოლიტიკოსები ელექტორატის მობილიზაციას, ძირითადად ერთმანეთზე თავდასხმებით, ორ ბანაკდ, პრო-ევროპულ და ევროსკეპტიკოსებად დაყოფით ცდილობენ.
მთავარი საარჩევნო საკითხები იყო ეროვნული სუვერენიტეტი და კანონის უზენაესობა, რომლებზეც ოპონენტები, ვარშავასა თუ ბრიუსელში, არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, წინასწარი პროგნოზებით პოლონეთშიც ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იქნება.
ახალი მოწვევის ევროპარლამენტის არჩევნების თარიღებად ოფიციალურად 6, 7, 8 და 9 ივნისია გამოცხადებული. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა უმეტესობა საკუთარ არჩევანს 9 ივნისს დააფიქსირებს.