პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ ქარტიას აფასებს. ანალიტიკოსის თქმით, ქარტიას ხელი მოაწერეს ოპოზიციონერებმა, რომელთა შესახებაც ხალხმა დიდი ხანია არაფერი იცის. მისი შეფასებით, ერთიან სიაზე ხელის მომწერთა მიზანი სადმე მოხვედრაა, ზურაბიშვილის ქარტია კი მათთვის ერთადერთი გამოსავალია.
„ერთხელ უკვე შევარქვი ქალბატონ სალომეს ცვილის ფიგურების მუზეუმის დირექტორი - მადამ ტიუსო. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო - დღეს ბურჯანაძემ, ბესელიამ და კიდევ რამდენიმემ მოაწერა ქარტიას ხელი. მოდით, გავაჩეროთ ქუჩაში ნებისმიერი 10 ადამიანი, მომხრე ან მოწინააღმდეგე, არ აქვს მნიშვნელობა და უბრალოდ ვკითხოთ ბურჯანაძის, ბესელიას ან თაკო ჩარკვიანის პარტიის დასახელება გვითხრან და მაქსიმუმ 3 პარტიის წევრი დაგვისახელონ. გავაჩეროთ კიდევ 10 კაცი და ვკითხოთ „ხალხის ძალაზე“ თუ სმენიათ და დარწმუნებული ვარ, 20-30 ცნობად სახეს მაინც დაგვისახელებ ჩვენი პარტიიდან. სად იყვნენ ამ ქარტიაზე ხელის მომწერნი? რა ნაფთალინის კარადიდან ამოიღეს? სად ინახებოდნენ? ერთადერთი ლოგიკური აზრი მებადება, რომ ალბათ მაინც ერთიანი სიის მოლოდინში არიან, არა პარტიულად, არამედ პიროვნულად აწერენ ამ ქარტიას ხელს იმიტომ, რომ ყველას უნდა მოხვედრა იქ, სადღაც, ჯერ არ იციან სად, მაგრამ სადღაც მაინც რომ მოხვდნენ.“- აღნიშნა ქართველიშვილმა.