პრემიერის ანგარიში: ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პარალელურად, გაწევრიანების გზაზე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება მიმდინარეობდა

პრემიერის ანგარიში: ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პარალელურად, გაწევრიანების გზაზე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება მიმდინარეობდა

2023 წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი და აღნიშნულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაშიც დიდი როლი ითამაშა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის ფარგლებში კონკრეტული რეფორმების გასატარებლად საქართველოს ძალისხმევამ, - ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წელს ევროკომისიამ საქართველოს პროგრესი პირველად შეაფასა ე.წ. გაფართოების პაკეტის ფარგლებში, გაწევრიანების, ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიხედვით, შესაბამისი ექვსი კლასტერისა და 33 თავის მიხედვით.

„2023 წლის გაზაფხულზე საქართველომ მოამზადა გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოს ერთი წლის პროგრესის შესახებ ანგარიში, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა 2024 წლის გაფართოების ანგარიშზე, რომელიც ევროკომისიას მიეწოდება 2024 წლის სექტემბრის დასაწყისში. საანგარიშო პერიოდში საქართველომ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევა გასწია როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით. მთლიანობაში მიღებულ იქნა 25-მდე ახალი საკანონმდებლო აქტი და განხორციელდა ინსტიტუციური ცვლილებები კანონმდებლობის აღსრულების კუთხით ევრო რეგულაციებისა და ევრო დირექტივების შესაბამისად. შედეგად, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, საქართველომ ვალდებულებების, დაახლოებით 55% განახორციელა. საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო ორმხრივი ვიზიტებისა და ინსტიტუციური დიალოგის დინამიკით. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოში განხორციელებული ევროკავშირის სანქციების საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის, დევიდ ო’სალივანის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის, კუმარ იერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის სამსახურის უფროსის, ჯიმ ო’ბრაიენის სამუშაო ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველომ დასავლელ პარტნიორებთან სანქციების საკითხში თანამშრომლობის კუთხით, მაღალი შეფასება მიიღო.

განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ვიზიტი, რომლის დელეგაციაში ასევე იმყოფებოდა სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი. ასევე აღსანიშნავია ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის კადრი სიმსონის ვიზიტი, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრი ელჩების სტუმრობა საქართველოში, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების ვიზიტი და სხვა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, მასში ნათქვამია, რომ გრძელდებოდა მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, გაიმართა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ხუთი სხდომა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის უკანასკნელი შეფასების თანახმად, საქართველო წარმატებით ასრულებს თანამშრომლობის ყველა შესაბამის პუნქტს, რაც უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების გარანტს წარმოადგენს.

„საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით მომზადდა და 2024 წლის 30 აპრილს ევროკომისიას მიეწოდა უვიზო რეჟიმის მექანიზმის შესრულების ანგარიში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პარალელურად, მიმდინარეობდა კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება გაწევრიანების გზაზე, მათ მიერ შეძენილი გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია 2023 წლის 3 ოქტომბერს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ვიზიტი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარდგება.