„წინასწარ დაგეგმილი ხელოვნური პროცესი" უწოდა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას. მან ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენად არგუმენტირებული იყო ვეტოს განხილვის დისკუსია. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა კანონთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვას, თუმცა უშედეგოდ.
გუშინდელი მარცხის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ბატონმა მსხილაძემ საკანონმდებლო ორგანოში სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. მისი პასუხები და პოზიცია, რომ არ შემოვიდეს შინაარსობრივ განხილვაში კურიოზად და პარადოქსად შეიძლება შეფასდეს. ჯერ გუშინ და უკვე დღეს, მან იგივე გააგრძელა. ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობდნენ მისთვის ეკარნახათ, როგორი პასუხები გაეცა დეპუტატებისთვის და ესეც პარადოქსი იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები არათუ კითხვებს სვამდნენ, არამედ მოუწოდებდნენ მსხილაძეს, არ დაეშვა შეცდომა და არ შესულიყო კანონის შინაარსში.
მთელი ეს დღეებია ჩემი კოლეგები, უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენი პარტნიორები ვცდილობდით, რომ ამ კანონთან მიმართებაში შევსულიყავით მსჯელობაში და განგვეხილა, რომელი პუნქტი არ შეესაბამებოდა ნორმებს, რომელი მუხლი არღვევდა ადამიანის უფლებებს, რა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ა.შ. ამასთან დაკავშირებით ვერავინ გაბედა მსჯელობაში შემოსვლა. აქაც რიტორიკული კითხვა ისმის - რატომ? ძალიან კარგად იციან, რომ სამართლებრივად კანონი არის გამართული და ვერავინ მონახა რაიმე სახის არგუმენტი მის შესაფასებლად. ვენეციის კომისიაც კი, თავის დასკვნაში გასცდა თავის კომპეტენციას და ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივი არგუმენტები წარმოედგინა, პოლიტიკური შეფასებებით შემოიფარგლა.
ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომელიც გარე ძალების მხრიდან პირდაპირ ისახავს მიზნად ქვეყნის იზოლაციასთან კანონის დაკავშირებას. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესებს - ვინ არიან მათ უკან, ვინ არიან აქტორები, დამკვეთები, შემსრულებლები ქვეყნის შიგნით და ვხედავთ, რომ ეს არის ერთიანი პროცესი, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი და შეიქმნა ერთიანი ფრონტი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მანვე პრეზიდენტის ინიციირებულ ქარტიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამამად შეუძლია მას საქართველოსვე წინააღმდეგ მიმართული აქტის შეფასება მისცეს. „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტი და მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ჩვენ მზად ვართ. მთავარია ვიყოთ თანმიმდევრულები და ვეცდებით ის გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიცვალა საგარეო კურსი და უნდა რუსეთის გუბერნია გახადოს ქვეყანა, საპირისპიროში დავარწმუნოთ," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.