პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელს, გიორგი მსხილაძეს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.
დეპუტატის პირველი კითხვა რადიკალური ოპოზიციისა და პრეზიდენტის საერთო ნარატივს შეეხებოდა, მეორე კი- ევროდირექტივას გამჭვირვალობის შესახებ.
„თქვენ მიერ წარმოდგენილ ე.წ ვეტოში არცერთი ცვლილება არ გაქვთ შემოთავაზებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გაქვთ არცერთი არგუმენტი, რომლითაც შემოგვთავაზებდით რაიმე ცვლილებას, თუმცა ჯიუტად აგრძელებთ ამ კანონის სახელდებას რუსულად. მე მაინტერესებს, წაკითხული გაქვთ რუსული კანონი? შეადარეთ? თუ უბრალოდ, რადგან რადიკალურ ოპოზიციას სათავეში პრეზიდენტი ჩაუდგა, ამიტომ თავს მოვალედ მიიჩნევთ, რომ მათი ნარატივი უცვლელად გაიმეოროთ და იძახოთ რუსული, რუსულმა, რუსულს, რუსულის და ა.შ. ასევე მაინტერესებს ევროდირექტივა გამჭვირვალობის შესახებ თუ წაიკითხეთ? თუ დაგეზარათ? იმიტომ, რომ ოთხმოცდასამგვერდიანია და არ ჩათვალეთ საჭიროდ ევროდირექტივის წაკითხვა გამჭვირვალობის შესახებ. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ როდესაც საქართველოსთვის გაიხსნება მოლაპარაკებების ეტაპი ევროკავშირში გაწევრიანებისათვის, ჩვენ მოგვიწევს ევროკავშირში არსებული ყველა დირექტივის მიღება, მათ შორის, ამ დირექტივისაც. ეს არის წესი. იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ნებისმიერი ქვეყანა, უნდა მიიღოს ევროკავშირის სამართლებრივი სისტემა მთლიანად. აი, მაშინ მოგვიწევს ევროკავშირის გამჭვირვალობის შესახებ დირექტივის სრულად მიღება და ჩვენი კანონის ტრანსფორმაცია - უფრო გამკაცრება იმიტომ, რომ ამჟამად არსებული ჩვენი კანონი გაცილებით ლოიალურია. როგორ ფიქრობთ, როდესაც მოგვიწევს ჩვენი კანონის გამკაცრება ევროდირექტივის მიხედვით, მაშინ კანონი ისევ რუსულად დარჩება თქვენი შეხედულებით თუ ტრანსფორმირდება ევროპულ კანონად?“ - განაცხადა სეფაშვილმა.