თუ ხელისუფლებაში დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ - კოლექტიური სახით თუ ერთიანი სიით, იმავე დღეს გააღებენ„ ვივამედის“ კარს და ხელისუფლებაში მოვა მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული „ქართული ქარია“ არაფერს წარმოადგენს. მისივე თქმით, გაუგებარია ამ გეგმის ბრიუსელში ჩატანა, სადაც 6-9 ივნისს არჩევნები ტარდება და ჯერ არავინ იცის ვინ დაიკავებს თანამდებობებს ევროპულ სტრუქტურებში.
„ამ გეგმის ჩატანას ექნება ალბათ ერთადერთი მიზეზი - საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და დაარწმუნონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც რუსულ რეჟიმში გვაცხოვრებდა 2012 წლამდე, შეგვიყვანს თურმე ევროკავშირში. თურმე 2012 წლამდე იყო დემოკრატია ქვეყანაში და არა 2012 წლის მერე და „ქართული ოცნება“, რომელმაც რეალურად შეიყვანა უკვე ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში - ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას, კანდიდატის სტატუსი, ეს ყოფილა თურმე ხელისუფლება, რომელიც საქართველოს აშორებს ევროკავშირსა და ნატოს და არა „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ამ პროცესში გარე აქტორებიც არიან ჩართულები, მათი მიზანი კი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაა.