არანაირი განცხადება, ხმამაღალი მოწოდება პოლიციისგან არ ყოფილა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ჟურნალისტს აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
„არანაირი მოწოდება მე არ მომისმენია. დაიწყეს მოწოლა ზემოდან. არანაირი განცხადება, ხმამაღალი მოწოდება არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვამბობ, შესასვლელი არ იყო ბლოკირებული. აბსოლუტურად უკანონოა ყველა ქმედება, რასაც ახორციელებენ, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თუმცა, როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას.
ამასთან, სამართალდამცველები პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, გადაინაცვლონ პარლამენტის შენობის წინ, რადგან ისინი ბლოკავენ პარლამენტის შესასვლელს.
„მოქალაქეებო, თქვენ ბლოკავთ პარლამენტის შესასვლელს. მოგიწოდებთ, გადაბრძანდეთ პარლამენტის წინ“, - მიმართავდნენ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ხმის გამაძლიერებლით.
გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები. მათ ამ ტერიტორიაზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც სიტყვით გამომსვლელებმა მოუწოდეს, გადასულიყვნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან და დაეკავებინათ მნიშვნელოვანი პოზიციები.