ვერავინ გვისაყვედურებს ვერც მორალურად, ვერც პოლიტიკურად და მითუმეტეს ვერც სამართლებრივად, რაც არ უნდა ილაპარაკოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ისე ფლობს სამართლებრივ განზომილებებს, როგორც მე ვფლობ ჩინურ ენას , - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სამშობლოს გადასარჩენად ყველა კანონიერი, კონსტიტუციური და კონვენციური გზა გამართლებული და საჭიროა. გვარამიას თქმით, არ აღელვებს რას იტყვის ვახტანგ გომელაური.
„საერთოდ არ მაღელვებს რას იტყვის გომელაური, იმიტომ, რომ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და დანაშაულის გარეშე ციხეში მაინც მოვხვდი. რა მნიშვნელობა აქვს გომელაური რას ფიქრობს - კანონიერი იქნება თუ არა ჩემი ქმედება. დასჭირდებათ - მაინც მოვხვდები ციხეში, კანონიერების მიუხედავად. ამიტომ, მე თვითონ გადავწყვეტ ჩემი სამართლებრივი სტატუსი რის უფლებას მაძლევს - შეაფასოს გომელაურმა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.