დღეს ალგეთში სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის „მანდარინები“ ჩვენება გაიმართა.
საველე ბაზაზე კინოჩვენებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები დაესწრნენ. ისინი ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილოების მისაღებად ემზადებიან და ამჟამად ალგეთში წვრთნას გადიან.
კინოჩვენებას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებიც დაესწრნენ.
ჩვენება „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. მსგავსი ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში ქართველი სამხედროებისთვის მუდმივად იმართება. კინოჩვენებები მომავალში სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და სხვადასხვა ბატალიონებშიც მოეწყობა.