არსებობს თუ არა მეგრული ენის გადაშენების საფრთხე, რა სტატუსმა შესაძლოა დაიცვას ის მივიწყებისგან და უნდა გახდეს თუ არა სამეგრელოს რეგიონი ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში, ეს საკითხები ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, სადაც ქართულის პარარელულად საუბრები მეგრულ ენაზეც წარიმართა.
განათლების ცენტრის „კოლხიდას“ წარმომადგენელის იური ღვინჯილიას განცხადებით, დღეს გაცნობიერებულად ხორციელდება მეგრელების ასიმილაციის პოლიტიკა, რასაც მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების და პოლიტიკურ პარტიათა დამოკიდებულებაც მოწმობს.
„საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აიღო ვალდებულება, ერთი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა ევროპის რეგიონული ენების ქარტიას, რაც გაქრობის პირას მყოფი ენების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. მეექვსე შეხვედრას ვმართავთ და არცერთხელ არ დაგვსწრებიან ხელისუფლების, სახალხო დამცველის, სხვადასხვა პარტიათა წარმომადგენლები. ხდება საკითხის იგნორირება. ენის თვითმყოფადობის გადასარჩენად გამოსავალი სამეგრელოსთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებაა“, - განაცხადა იური ღვინჯილიამ.
შემოქმედთა რეგიონული საზოგადოება „აიას“ თავმჯდომარე ედემ იზორიას თქმით, მნიშვნელოვანია პასუხი ოთხ ძირეულ კითხვას გაეცეს, არის თუ არა მეგრული ენა, თუ კი, მაშინ არის თუ არა ის ეროვნული სიმდიდრე, ემუქრება თუ არა გადაშენების საფრთხე და რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ამ საშიშროების თავიდან ასარიდებლად.
„ვფიქრობ, მეგრული თითქმის განადგურებულია. აგონიაშია ენა. ჩვენ ახალ პრეზიდენტს ვთხოვთ, ყურად იღოს ეს საკითხი, რადგან მეგრული ენის სიკვდილით ქართული ენის კვდომის პროცესიც დაიწყება“, - განმარტა ედემ იზორიამ.
შეხვედრის მონაწილე კონსტანტინე შეროზიას თქმით, ენა მხოლოდ მაშინ არის ცოცხალი, თუ ის აქტიურად გამოიყენება პრაქტიკულ ცხოვრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მის გაქრობა-გადაშენებას წინ არაფერი უდგას.
„უკვე სახლებში აღარ საუბრობენ მეგრულად. ბავშვებს ქართულს ასწავლიან. ქართველებს უკვე ქართული არ უნდათ. მაშინ საით მივდივართ ჩვენ? ეს არის დამოუკიდებლობა? დამოუკიდებლობა კი არა, დამოკიდებულებაა ვიღაცაზე. ჩვენ თავს ვიტყუებთ. როდემდე? საქმე ისე წავიდა, მეგრელს რცხვენია უკვე მეგრულად საუბრის. ვინ შექმნა ეს პირობები? ამერიკაში 50 შტატია, მაგრამ იქ სამი სახელმწიფო ენა აქვთ. საჭიროა ისწავლებოდეს მეგრული, ტელევიზიასა თუ რადიოში იყოს გადაცემები ამ ენაზე“, - აღნიშნა კონსტანტინე შეროზიამ.
შეხვედრის მონაწილეთა თქმით, დღეს საფრთხე არამხოლოდ მეგრულს, არამედ სახელმწიფო ქართულ ენასაც ემუქრება, რომლის უცხო ენებით ჩანაცვლების პროპაგანდაც ხელისუფლების მხრიდან აქტიურად ხორციელდება.
მოქალაქე დავით ეგუტიას თქმით, მარტო კერძო საუბრები ვერ იქნება წინაღობა მეგრულის კვდომის პროცესში, არამედ მნიშვნელოვანია აქციების გამართვა, რეინტეგრაციის სამინისტროსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვა, ასევე პროკლამაციების გავრცელება.
შეხვედრა მეგრული ხალხური სიმღერების პოპურით დასრულდა.