დადიანების სასახლის ეზოს ნაწილი მაჟორიტარმა დეპუტატმა შეიძინა [Video]

დადიანების სასახლის ეზოს ნაწილი მაჟორიტარმა დეპუტატმა შეიძინა [Video]

დადიანების მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, რომ თანამდებობაზე დანიშვნისას კულტურის სამინისტროში უთხრეს, უზურფუქტით ეს მიწის ნაკვეთი დაემტკიცებინა. მაშინ შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყო, მაგრამ ბოლომდე მათი თავმოყრა დღემდე ვეღარ მოახერხა.

„არ მინდა ჩემი დირექტორობის დროს ვინმემ თქვას, ეს ტერიტორიები ლილი ბერაიამ გაასხვისაო. ადგილობრივ რეესტრს მივწერე და პასუხად მივიღე - თქვენ არაფერი გეკუთვნითო. მაშინ ძალიან ცუდად გავხდი და ისევ დავიწყე ამ საბუთების მოგროვება. მერე გავიგე, რომ თურმე ჩვენი არაფერი ყოფილა. ყველაფერს სხვადასხვა კოდები ჰქონია და რუკაზე სასახლეებიც არ ჩანს“, - ამბობს მუზეუმის დირექტორი.

ლილი ბერაიას არ აქვს ინფორმაცია, ვინ და როგორ შეიძინა სასახლის ეზოს მიწის ნაწილი. იგი ეჭვობს, რომ ყველაფერი მის ზურგს უკან, მალულად მოხდა.

„ახლაც ძიებაში ვარ და ალბათ გაირკვევა, ვინც დაინტერესდა ამ ტერიტორიით. უნდა დავიბრუნო ის, რაც ეკუთვნოდა ამ სასახლეებს. მივყვები ამბავს. უფლებაც არ მაქვს არ გავარკვიო“, - აცხადებს ლილი ბერაია.

მუზეუმის დირექტორის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი ვინმე ბიზნესმენ ქარდავაზე გასხვისდა. 

„ისე მიკვირდა ყიდვა ამ ტერიტორიის, რომელიც ნაკრძალია. ნაკრძალად უნდა იყოს გამოცხადებული და სასახლეებს ერთი მიწის გოჯიც არ უნდა მოაკლოს ვინმემ. გამიკვირდა ძალიან, მაგრამ მე რას ვიტყოდი. თუ საჭირო გახდა, ამ დოკუმენტების შემდეგ სასამართლოს მივმართავთ“, - გვითხრა ლილი ბერაიამ.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსმა გიორგი ფაცაციამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას დადიანების სასახლის ეზოში მოქცეული მიწის ნაკვეთის კერძო პირზე გასხვისების შესახებ და ვითრების გასარკვევად ეკონომისკის სამინისტროში გადაგვამისამართა.

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრს ეკუთვნის სამეგრელო-გურია ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრი. ისინიც ისევე ახორციელებენ სახელმწიფო ქონების განკარგვას, როგორც ჩვენ, მხოლოდ რეგიონებში. რაც შეეხება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩვენ რეგიონულ მომსახურების ცენტრს მუზეუმის კუთვნილი მიწის ნაკვეთი გადავეცით, სიმართლეს არ შეესაბამება“, - გვითხრეს ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა ვერ განგვიმარტეს, რა პრინციპით გასხვისდა სახელმწიფოს კუთვნილი კულტურული ძეგლი კერძო პირზე.

საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი დიდი ხნის წინ არის გაყიდული:

„იურიდიულად ზუსტად გაფორმება როდის მოხდა ამას ვერ გეტყვით. ვიცით, რომ ეს ამბავი დაიწყო საპარლამენტო არჩევნებამდე. უშუალოდ რეესტრში როდის მოხდა ამის მოქცევა, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის. ბატონი გურამი უახლოეს მომავალში თავად ჩავა ზუგდიდში და ადგილზე გაეცნობა სიტუაციას, რადგან ეს მის აქ ყოფნისას არ მომხდარა. მას ეს საქმე პირად კონტროლზე ექნება აყვანილი“.

„ლაივპრესმა“ ვერ შეძლო წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ქარდავასთან დაკავშირება, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დადიანისეული სასახლის ეზოში 995 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს.